Red Bull King of The Rock-ის მსოფლიო ფინალზე ვახტანგ ქადარია გაემგზავრა
ერთი-ერთზე ქუჩის კალათბურთში ყველაზე პრესტიჟული ტურნირის Red Bull King of The Rock-ის მსოფლიო ფინალზე საქართველოს სახელის დასაცავად ვახტანგ ქადარია გაემგზავრა. აღნიშნული ტურნირის საქართველოს რეგიონალური ჩემპიონატის გამარჯვებული სწორედ ვახტანგ ქადარიაა, რომელმაც Red Bull King of The Rock-ი ჩვენს ქვეყანაში ზედიზედ მეორედ მოიგო.
Red Bull King of The Rock-ის მსოფლიო ფინალი წელს ტაივანში, სამასანას ციხეში გაიმართება, სადაც თავს 26 ქვეყნის წარმომადგენელი მოიყრის. გასულ წლებში ფინალური ეტაპი ამერიკის შეერთებულ შტატებში, სახელგანთქმულ ალკატრასის ციხეში იმართებოდა, სადაც მონაწილეობა 2 ქართველს მიუღია. 2012 ვატო თევზაძემ იასპარეზა და პლეი ოფში ვერ გავიდა, ხოლო გასულ, 2013 წელს ვახტანგ ქადარიამ მეოთხედფინალს მიაღწია, სადაც ბოლო წამზე, 1 ქულის სხვაობით დამარცხდა მომავალ ფინალისტთან.
წლეულს Red Bull King of The Rock-ის საქართველოს ტურნირი 4 ეტაპად გაიმართა. შესარჩევი ტურნირები თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და თელავში ჩატარდა. ფინალურ ტურნირს შარშანდელის მსგავსად ახალციხემ, კონკრეტულად კი რაბათის ციხესიმაგრემ უმასპინძლა, სადაც ქადარიამ ფინალში მიხეილ ჭოჭუას 15:11 მოუგო და ტაივანში გასამართი მსოფლიო ფინალის საგზური მოიპოვა.
ქადარიასთან ერთად ტაივანში გაემგზავრა აზერბაიჯანის Red Bull King of The Rock-ის გამარჯვებული, გასულ წელს საქართველოს სუპერლიგის გუნდ „ქუთაისში“ მოთამაშე ზაურ ფაშაევი. აზერბაიჯანი საქართველოსთან და სომხეთთან ერთად კომპანია „რედბულის“ კავკასიის რეგიონშია გაერთიანებული, რომლის ღონისძიებათა მენეჯერი, ბექა გოლეთიანიც აზერბაიჯანელ და ქართველ კალათბურთელებს ტაივანში გაჰყვა.
„სამასანას“ ციხეში ტურნირი 6 აგვისტოს გაიმართება. გამარჯვებულს „კლდის მეფის“ მსოფლიო ტიტული და სოლიდური ფულადი პრემია ერგება. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია წარმატებას უსურვებს ვახტანგ ქადარიას მსოფლიოს უძლიერეს სტრიტბოლერებთან ორთაბრძოლაში.
gbf.ge