მანუჩარ მარკოიშვილი გომელსკის მემორიალური ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს
მანუჩარ მარკოიშვილი ალექსანდრ გომელსკის მემორიალური ტურნირის ყველაზე სასარგებლო მოთამაშე გახდა. მან ეს პრიზი ფინალური მატჩის შემდეგ დაიმსახურა, რომელიც ქართველ ფორვარდს საზეიმოდ გადასცეს. ტურნირზე, სადაც მოედანზე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტი და სიმბოლური ხუთეულის წევრი, სერბი მილოშ თეოდოსიჩი იმყოფებოდა, საუკეთესოდ მარკოიშვილი დასახელდა.
ნახევარფინალის მსგავსად მარკოიშვილმა ფინალშიც, „პანათინაიკოსთანაც“ 10 ქულა დააგროვა, თუმცა ეს საკმარისი აღმოჩნდა, ცსკა-ს ბომბარდირი გამხდარიყო. ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუეულში იმყოფებოდა და მოედანზე თავისიანთაგან ყველაზე მეტი ითამაშა. 27 წუთში მანუჩარმა 10 ქულა, 8 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. სამივე ეს შედეგი საუკეთესო იყო ცსკა-ში. მანუჩარმა 5-დან 3 ორქულიანი, 6-დან 1 სამიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო.
მარკოიშვილმა მოსკოველთა გამარჯვებაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა. მაშინ, როცა მესამე მეოთხედში „პანათინაიკოსმა“ ჩამორჩენა 6 ქულამდე შეამცირა, ქართველმა კალათბურთელმა მიჯრით 7 ქულა მოაგროვა და ათენელები წელში გატეხა. ამის შემდეგ მოსკოველთა უპირატესობის ზრდამ შეუქცევადი ხასიათი მიიღო და საბოლოოდ ცსკა-ს 29-ქულიანი უპირატესობა დაფიქსირდა – 75:46.
ცსკა-ში საუკეთესო მარგი ქმედების კოეფიციენტი (14) მარკოიშვილს ჰქონდა, შემდეგ კი ერთბაშად 3 კალათბურთელი – საშა კაუნი, პაველ კორობკოვი და დემეტრის ნიკოლსი მოდიან 12-12 ერთეულით.
ცსკა-მ მოსამზადებელი მატჩების სერია დაასრულა და 8 ოქტომბერს სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩს გამართავს. არმიელები ვითიბი ლიგაზე ფინურ „ბიზონსს“ უმასპინძლებენ.
მანუჩარ მარკოიშვილის კომენტარი:
“გომელსკის ტურნირის მოგებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგანაც გვინდოდა, სეზონს კარგ ხასიათზე შევხვედროდით. სამწუხაროდ, წინა მატჩში დაშვებული შეცდომები ისევ გავიმეორეთ და მეტოქეს ჩამორჩენის აღმოფხვრის საშუალება მივეცით. “ლიეტუვოს რიტასთან” თამაშის შემდეგ არაერთხელ ვთქვით, რომ მეტოქეს გონს მოსვლის შანსი არ უნდა ჰქონოდა, თუმცა, აღნიშნულს ამჯერადაც ვერ გადავურჩით. საბოლოოდ, “პანათინაიკოსის” ძლევაში დაცვაში საიმედო თამაში დაგვეხმარა. როდესაც მხოლოდ 46 ქულას უშვებ, ეს ძალიან კარგია”.
GBF.GE