ზაზა ფაჩულიას სასტარტო და 4 ქულა “დეტროიტთან”
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ზაზა ფაჩულიამ ნბა-ს მორიგი საგამოფენო მატჩი გამართა. მისი „მილუოკი“ ამჯერად დეტროიტში, „პისტონსს“ შეხვდა და 80:94 წააგო. მილუოკელთა მწვრთნელმა ჯეისონ კიდმა წინა მატჩისგან განსხვავებული სასტარტო ხუთეული შეარჩია და მათ შორის იყო ზაზა ფაჩულიაც.
სამწუხაროდ, ქართველმა ცენტრმა მხოლოდ 9 წუთი ითამაშა, თუმცა საკმაოდ სარგებლიანი იყო. ზაზამ 3-დან 1 ორქულიანი და 2-დან 2 ჯარიმა ჩააგდო. 4 ქულასთან ერთად ფაჩულიამ 2 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა.
მილუოკელთა მეორე ცენტრმა, ლარი სანდერსმა 21 წუთი ითამაშა, რის განმავლობაშიც 8 ქულა და 7 მოხსნა დააგროვა. საუკეთესო კი გამთამაშებელი ბრენდონ ნაითი გახდა, რომელმაც 11 ქულა და 7 პასი მიითვალა.
მომდევნო მატჩს „მილუოკი“ 11 ოქტომბერს შინ, „ჩიკაგო ბულსთან“ გამართავს.
gbf.ge