თბილისის 18-წლამდელთა ჩემპიონატით საქართველოში საკალათბურთო სეზონი დაიწყო
საკალათბურთო სეზონი საქართველოში თბილისის ასაკობრივი ჩემპიონატით დაიწყო. თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის ორგანიზებითა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით სპორტის სამინისტროს დარბაზში სტარტი აიღო დედაქალაქის 18-წლამდელთა ჩემპიონატმა.
ტურნირში 14 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც 3 ჯგუფში არიან გადანაწილებულნი. თითოეულ ჯგუფში გუნდები 1 წრეს ითამაშებენ, რის შემდეგაც ნაჩვენები შედეგების მიხედვით ადგილებს გაინაწილებენ და წარმატებულები თბილისის ჩემპიონობისთვის ბრძოლას გააგრძელებენ.
თოთოეული ჯგუფის საუკეთესო 2-2 გუნდი პლეი ოფში გავა. მეოთხედფინალის დარჩენილ 2 საგზურს მე-3 ადგილზე გასული გუნდები და 1 საუკეთესო მეოთხეადგილოსანი გაითამაშებენ. ჩატარდება 2 საკვალიფიკაციო მატჩი, რომლის გამარჯვებულებიც მეოთხედფინალს შეავსებენ (იხილეთ ტურნირის დებულება: http://superleague.ge/pdf/tb18.pdf )
თბილისის პირველობა ამავდროულად გახლავთ საქართველოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი. დედაქალაქის ჩემპიონატში მეოთხედფინალში გასული 8 გუნდი საქართევლო პირველობის საგზურებს მოიპოვებს. ქვეყნის პირველობა ნოემბერში გაიმართება და მასში დედაქალაქის 8 საუკეთესო გუნდთან ერთად რეგიონების წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას. საქართველოს ჩემპიონატშიც 14 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც 2 ჯგუფში იქნებიან თავმოყრილნი და პლეი ოფამდე რეგულარულ ჩემპიონატს, 2 წრედ ითამაშებენ.
დღეს, თბილისის 18-წლამდელთა ჩემპიონატის 2 მატჩი გაიმართა. „იბერმა“ იოლად – 111:38 დაამარცხა „იმედი“, ხოლო „ვესტა 1“-მა თსუ 2-ს 31 ქულის სხვაობით – 86:55 სძლია. ხვალ, 16 ოქტომბერს, სპორტის სამინისტროს საკალათბურთო დარბაზში ტურნირის 6 მატჩი გაიმართება.
თბილისის ჩემპიონატი 18-წლამდელთა შორის. საკალათბურთო აკადემია. 15 ოქტომბერი
იმედი – იბერი 38:111
ვესტა 1 – თსუ 2 86:55
gbf.ge