“ზენიტთან” მოგებულ მატჩში სანიკიძემ სასტარტო ხუთეულში ითამაშა
ვიქტორ სანიკიძე ყაზანის „უნიკსის“ სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა. ქართველმა ფორვარდმა ვითიბი ლიგის მატჩში ითამაშა და რუსულ კლუბს სანკტ-პეტერბურგის „ზენიტის“ ძლევაში დაეხმარა. აღსანიშნავია, რომ ყაზანელებმა უკვე მესამე მატჩი ჩაატარეს შინაურ არენაზე და ამჯერადაც იმარჯვეს, რის შემდეგაც ლიგის ლიდერები გახდნენ.
მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ყაზანელები ბოლო მეოთხედის წინ 3 ქულით აგებდნენ, თუმცა გადამწყვეტი პერიოდი 22:12 მოიგეს და გამარჯვებასაც მიაღწიეს – 73:66. სანიკიძემ 21:52 წუთი ითამაშა, რის განმავლობაშიც 8 ქულა, 5 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება დააგროვა. ქართველმა ფორვარდმა ბურთი 4-ჯერ დაკარგა, 1 ჯარიმა მიიღო, მეტოქეებმა კი მასზე 6-ჯერ დაარღვიეს თამაშის წესი.
სანიკიძემ 8 ქულა შემდეგნაირად მოაგროვა: 4-დან 1 ორქულიანი, 1-დან 1 სამიანი და 4-დან 3 საჯარიმო. მარგი ქმედების კოეფიციენტით (9) სანიკიძე ყაზანელთაგან მხოლოდ დორ ფიშერს (14) და კერტის ჯერელსს (13) ჩამორჩა.
ვითიბი ლიგაში „უნიკსი“ მორიგ შეხვედრას 2 ნოემბერს ჩეხეთში, „ნიმბურკთან“ გამართავს, მანამდე კი, 24 ოქრომბერს, მადრიდის „რეალს“ უმასპინძლებს.
gbf.ge