დუდუ დადიანის მოსაგებად რუსთავი და დინამო იბრძოლებენ (მატჩისშემდგომი კომენტარები)
დუდუ დადიანის მემორიალზე დღეს 2 მატჩი უნდა გამართულიყო, თუმცა „რუსთავისა“ და „სოხუმის“ თამაში არ შედგა. სოხუმელები, რომლებიც ამ მატჩის ნომინალური მასპინძლები იყვნენ, თეთრი ფორმით უნდა ეთამაშათ, მაგრამ ვაჟა კვარაცხელიას გუნდი თამაშზე მხოლოდ ლურჯი მაისურებით გამოცხადდა.
ლურჯი ფორმებით იყვნენ მოსულნი რუსთაველებიც, რადგან მათ იცოდნენ, რომ ოქმში სტუმრებად იყვნენ და მუქი ფორმით უნდა ეთამაშათ. დაირღვა ფიბას ოფიციალური წესების 4.3.3 პარაგრაფი, რომლის თანახმად, გუნდი რომელიც ცხრილში მითითებულია პირველად, უნდა იყოს ჩაცმული ღია ფერის მაისურებში. ვინაიდან „სოხუმი“ვალდებული იყო ჩაეცვა ღია ფერის ფორმა და თამაში ვერ შედგა მისი მიზეზის გამო, მას ჩაეთვალა წაგება 0:20 და ცხრილში დაეწერა 0 ქულა.
ჩაშლილ შეხვედრამდე „ოლიმპისა“ და „დინამოს“ მატჩი გაიმართა, რომელიც ამ უკანასკნელის გამარჯვებით – 94:78 დასრულდა. ირაკლი ხოშტარიას გუნდმა ოლიმპელებს ზედმეტი გართულების გარეშე მოუგო. დინამოელთა გამოცდილი მოთამაშეების კლასმა თავისი გაიტანა. ეროვნული ნაკრების წევრმა ბესო ლეჟავამ 7-დან 5 სამიანი ჩააგდო და მთლიანობაში 21 ქულა დააგროვა. 5-დან 4 სამიანი ჩააგდო და 22 ქულას უწია ეროვნული ნაკრების ყოფილმა წევრმა ლაშა გამყრელიძემ.
ხვალ დუდუ დადიანის მემორიალი 2 მატჩით დასრულდება. 17:00 საათზე „სოხუმი“ და „ოლიმპი“ ითამაშებენ, ხოლო 19:00 საათზე ფინალის ტოლფასი მატჩი – „რუსთავი“ – „დინამო“ გაიმართება.
დინამო-ოლიმპი 94:78
მატჩისშემდგომი კომენტარები
გია კაზანჯიანი, „ოლიმპის“ მთავარი მწვრთნელი
– „დინამო“ ძალიან ძლიერი გუნდია, მაგრამ ჩვენც მივეცით თავისუფლად თამაშის საშუალება. საშინლად ვითამაშეთ, უკვე წინასამატჩო მოთელვაზე ეტყობოდა ჩვენს გუნდს, რომ მწყობრში არ იყო. ეროვნული ნაკრების წევრთა წინააღმდეგ თამაშისთვის მზად ვერ აღმოვჩნდით. ხვალ ტურნირის ბოლო მატჩი „სოხუმთან“ გველის და რა თქმა უნდა, ორივე გუნდს გამარჯვების მოპოვება სურს. ვნახოთ, რა იქნება.
ირაკლი ხოშტარია, „დინამოს მთავარი მწვრთნელი:
– ფიზმომზადებამ თუ არ გვიმტყუნა, თამაშიდან თამაშამდე უნდა მოვუმატოთ. ვნახოთ, ხვალ რა გამოგვივა, ძალიან გვინდა გავიმარჯვოთ და მოვიგოთ ქართულ კალათბურთში პატივსაცემი ადამიანის სახელობის თასი. თუმცა აღვნიშნავ, რომ ამისთვის მზად არ ვართ. თავს არ ვიზღვევ, ჩვენს გუნდს ოპტიმალურ ფორმამდე ბევრი აკლია და ასეთ შემთხვევაში გამარჯვებას ვერ დაგეგმავ.
http://superleague.ge/