რუსთაველებმა სოხუმთან დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვეს
სუპერლიგის პირველი ტური დასრულდა. ბოლო შეხვედრაში ერთმანეთს „სოხუმი“ და „რუსთავი“ დაუპირისპირდნენ. მატჩი ქვემოქართლური გუნდის იოლი გამარჯვებით – 84:68 დასრულდა.
შედეგი მოულოდნელი არ ყოფილა. რუსთაველებმა რამდენიმე დღის წინ დუდუ დადიანის მემორიალი მოიგეს და საკუთარი ამბიციები თვალნათლივ წარმოაჩინეს. სოხუმელებს კი ძლიერ მოთამაშეებთან ერთად შეთამაშებაც აკლიათ – ვაჟა კვარაცხელიას გუნდმა ვარჯიში ახლახანს დაიწყო, „რუსთავი“ კი თითქმის 2 თვეა, ვარჯიშობს და შემადგენლობაც რუსთაველ კალათბურთელებთან ერთად ამერიკელი ლეგიონერით – ჰეიდენ ჰამსითაც გაიძლიერეს.
მიხეილ ბერუაშვილის გაწვრთნილმა ქვემოქართლელებმა დამაჯერებლად ითამაშეს და პირველივე წუთებიდან რომ დაწინაურდნენ, არც ლიდერობა და არც სათამაშო ინიციატივა არ დაუთმიათ. საბოლოოდ „რუსთავმა“ 16 ქულის სხვაობით იმარჯვა და დუდუ დადიანის მემორიალის მოგებით შექმნილი იმიჯი გაიმყარა.
ფარქვეშ შეუჩერებელი იყო აკაკი დვალიშვილმა, რომელმაც საბოლოოდ 30 ქულადა 15 მოხსნა მიითვალა 14 ქულითა, 7 მოხსნით და 5 პასით თავი გოგა ცეკვავამ გამოიჩინა, ხოლო ლეგიონერმა ჰეიდენ ჰამსმა რუსთაველებს 12 ქულა შესძინა. სოხუმელთაგან 17 ქულით ირაკლი ჩლაიძე გამოირჩა, 12 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა გიორგი ჯგერენაიამ.
მომდევნო, მე-2 ტური 31 ოქტომბერს რუსთავსა და ბათუმში დაიწყება და 1 ნოემბერს თბილისში 2 მატჩით დასრულდება.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
ვაჟა კვარაცხელია(,,სოხუმის’’ მთავარი მწვრთნელი): როგორც წინასამატჩო პრესკონფერენციაზე აღვნიშნე, მოგების შანსი ,,რუსთავს’’ უფრო ჰქონდა – 70-30-ზე. ,,რუსთავი’’ კარგად დაკომპლექტებული გუნდია, ისეთი ძლიერი მოთამაშეები ჰყავთ, როგორებიც ჭოჭუა, დვალიშვილი, ცეკვაა.. ისინი, ნაკრების კანდიდატებიც არიან, ჭოჭუა ნაკრების წევრია, ამიტომ მოსალოდნელი იყო ეს დამარცხება. მათ უფრო ადრე დაიწყეს მომზადება, ჩვენ კი – გვიან. ახალბედა მოთამაშეები გვყავს, რომლებიც უნდა გაიზარდნონ. ისინი პერსპექტიულები არიან, თუმცა თამაში მოგება რთულია. იანვრისთვის უფრო სერიოზულად მოვემზადებით.
მიხეილ ბერუაშვილი(,,რუსთავის’’ მთავარი მწვრთნელი): მივულოცავ ჩემს მოთამაშეებს გამარჯვებას. შეასრულეს ის, რაზეც ვმუშაობდით მთელი ეს თვეები. გამომდინარე იქიდან, რომ ეს მხოლოდ მესამე თამაში იყო, ხარვეზები გვქონდა და ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ. თუმცა, შევეცდებით გამოვასწოროთ. რაც შეეხება ,,სოხუმს’’, მას ახალგაზრდა მოთამაშეებიც ჰყავს და გამოცდილებიც და, ალბათ, თანდათან შეთამაშდებიან და დალაგდებიან. წელს არ იქნება ისეთი ჩემპიონატი, რომელსაც ერთი გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავს, ყველა გუნდი მოგებისთვის იბრძოლებს და აუცილებელია, ყველა თამაშზე მობილიზებული და მონდომებული გახვიდე, ეს მეტოქის პატივისცემაა.
superleague.ge