ნბა-ს სეზონის პირველი მატჩი ფაჩულიას “მილუოკიმ” ოვერტაიმში წააგო
ზაზა ფაჩულიასთვის ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სეზონი დაიწყო. სადებიუტო შეხვედრაში „მილუოკი ბაქსი“ შარლოტს ესტუმრა და „ბობქეთსთან“ დამატებით დროში წააგო – 106:108.
მილუოკელებმა თითქმის მოგებული შეხვედრა დათმეს. პირველი მეოთხედის 1 ქულით წაგების შემდეგ ფაჩულიას გუნდმა დიდებულად ჩაატარა მეორე და მესამე პერიოდები და გადამწყვეტი 12-წუთეულის წინ 15 ქულით -83:68 დაწინაურდა.
მასპინძლებმა მაინც მოახერხეს თამაშის გადარჩენა და ბოლო პერიოდის 32:17 მოგებით თამაში ოვერტაიმში გადაიყვანეს. დამატებით დროში მორალურად უკეთეს ვითარებაში მყოფი შარლოტელები უკეთესად გაისარჯნენ და გამარჯვებასაც მიაღწიეს.
ფაჩულიამ 14:28 წუთი ითამაშა. ის მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო. ქართველმა ცენტრმა 5 ცდიდან 2 ორქულიანი ჩააგდო და შეხვედრა 4 ქულით, 1 მოხსნით, 2 ჩაჭრით და 1 დაფარებით დაასრულა. ზაზამ 1 ჯარიმა მიიღო და ბურთი 3-ჯერ დაკარგა. მილუოკელებს ბრენდონ ნაითმა ულიდერა, რომელმაც 22 ქულა და 13 პასი მიითვალა. „ბაქსის“ ძირითადმა ცენტრმა ლარი სანდერსმა 26 წუთში 10 ქულა და 5 მოხსნა დააგროვა.
მომდევნო მატჩს “მილუოკი“ 31 ოქტომბერს, შინ „ფილადელფიასთან“ გამართავს.
gbf.ge