თბილისის 16-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებული “ჰიუნდაი 3” გახდა
თბილისის ჩემპიონი 16-წლამდელთა შორის ირაკლი ჩერქეზიშვილის გაწვრთნილი „ჰიუნდაი 3“ გახდა, რომელმაც ფინალურ მატჩში „აკადემია“ 67:59 დაამარცხა. „ჰიუნდაის“ საკალათბურთო კლუბი ტურნირზე 3 გუნდით იყო წარმოდგენილი, რომელთაგან პირველი მესამე ადგილის მფლობელი გახდა. „ჰიუნდაი 1“-მა ფინალამდე გამართულ მე-3 ადგილისთვის მატჩში „იბერი“ 104:59 გაანადგურა.
ფინალური მატჩი უფრო საინტერესო გამოდგა. „აკადემიამ“ „ჰიუნდაი 3“-ს სოლიდური წინააღმდეგობა გაუწია და მართალია, საწყისი წუთების შემდეგ სულ ჩამორჩებოდა, მაგრამ წარმატების შანსს ბოლო წუთებამდე ინარჩუნებდა.
ყველაფერი მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე გადაწყდა, როცა ჰიუნდაელთა ლიდერობამ 10-ქულიან ზღვარს გადააბიჯა. გამარჯვებულებს 27 ქულითა და 14 მოხსნით ვახტანგ გაფრინდაშვილმა ულიდერა, გივი გოგიტაშვილმა კი ფარზე კარგად იმუშავა და 9 ქულასთან ერთად 20 მოხსნა მოაგროვა. ორმაგი დუბლით დაასრულა შეხვედრა ლევან წენგუაშვილმა, რომელიც ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ გაიმართა დაჯილდოვების ცერემონიალი. მესამე ადგილზე გასული „ჰიუნდაი 1“ მედლებით დააჯილდოვეს თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის წევრებმა დავით გოცირიძემ და მამუკა ლომიძემ.
მეორე ადგილის მფლობელ „აკადემიის“ წევრებს მედლები გადასცეს თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის წევრებმა ლევან წულაიამ და ზაზა ღონღაძემ.
ჩემპიონ გუნდ „ჰიუნდაი 3“-ს მედლები და სიგელები გადასცეს თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის წევრმა დავით ჩიხლაძემ და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის უფროსმა ალეკო პეტრიაშვილმა.
ტურნირზე დაწესებული იყო მაყურებელთა სიმპათიის პრიზი, რომელიც გადაეცა „აკადემიის“ წევრ ლუკა მაზიაშვილს, რომელიც გამარჯვებულს ზაზა ღონღაძემ ჩააბარა.
საუკეთესო ბომბარდირის პრიზი „ჰიუნდაი 3“-ის ლიდერმა ვახტანგ გაფრინდაშვილმა მოიგო. ბომბარდირი თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის წევრმა ლევან წულაიამ დააჯილდოვა.
ტურნირის საუკეთესო მოთამაშე ლევან წენგუაშვილი გახდა. ჩემპიონი გუნდის 10 ნომერს პრიზი თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის წევრმა გურამ ვაშაკიძემ გადასცა.
დაბოლოს, 16-წლამდელებში თბილისის საუკეთესო გუნდის კაპიტანს, საბა ქავთარაძეს საჩემპიონო თასი თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა გადასცა.
თბილისის 16-წლამდელთა ჩემპიონატი
ფინალი
ჰიუნდაი 3 – აკადემია 67:59
19:14, 17:14, 17:15, 14:16
ჰიუნდაი: გაფრინდაშვილი (27ქ, 14მ), წენგუაშვილი (11ქ, 11მ), გოგიტაშვილი (9ქ, 20მ)
აკადემია: პერტაია (14), ხურცილავა (13), მეცხვარიშვილი (10ქ, 12მ)
მე-3 ადგილისთვის
ჰიუნდაი – იბერი 104:56
gbf.ge