ზაზა ფაჩულიას 5 ქულა კლივლენდში და ბრძოლაში წაგებული მატჩი
2-მატჩიანი იძულებითი პაუზის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი, ზაზა ფაჩულია თავის გუნდს დაუბრუნდა და „კლივლენდთან“ ითამაშა. მილუოკელებმა სტყუმრად დიდი ბრძოლა გაუმართეს ლებრონ ჯეიმსის გუნდს და დაძაბულ ბრძოლაში, ბოლო წუთებზე 108:111 დამარცხდნენ.
ბებიის გარდაცვალების გამო ფაჩულია თბილისში იმყოფებოდა და როგორც ვთქვით, 2 მატჩი გაუცდა. კლივლენდში კი ქართველმა ცენტრმა 25 წუთი ითამაშა და თავი 5 ქულას, 4 მოხსნას და თოთო პასს, ჩაჭრას და დაფარებას მოუყარა. ფაჩულიამ 2 პერსონალური ჯარიმა მიიღო და ბურთი ერთხელ დაკარგა. ზაზამ 6-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.
ბოლო მეოთხედის წინ ანგარიში თანაბარი იყო და ასე ქულა-ქულაში გაგრძელდა თამაში ბოლო წუთებამდე, სადაც მასპინძლებმა გამარჯვების მიღწევა მოახერხეს. კლივლენდელებს კაირი ირვინმა (28 ქულა), კევინ ლავმა (26) და ლებრონ ჯეიმსმა (26) ულიდერეს. „მილუოკიში“ 27 ქულით ბრენდონ ნაითი გამოირჩა, ხოლო ახალბედა ჯაბარი პარკერმა თავი 22 ქულას მოუყარა.
10 მოგებითა და 9 მარცხით „მილუოკი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზეა. მომდევნო მატჩი ფაჩულიას გუნდს ხვალ, გამთენიისას, შინ „დალასთან“ ელის.
GBF.GE