კვარაცხელია: „დინამომ“ მოგება დაიმსახურა“
„დინამოსა“ და „სოხუმის“ მატჩის დასრულების შემდეგ სპორტკომპლექს არენას საპრესკონფერენციო დარბაზში ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მატჩი შეაფასა.
ირაკლი ხოშტარია („დინამოს“ თავკაცი): „პირველ რიგში დამდეგ შობა-ახალ წელს გილოცავთ, მინდა, როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე თქვენს საქმიანობაში წარმატება გისურვოთ.
დღეს წლის ბოლო თამაში იყო. უკვე აღვნიშნე, რომ წინა თამაშები არც თუ ისე სახარბიელოდ ჩავატარეთ. წინა ტურში წავაგეთ, თასის შეხვედრაშიც დამაჯერებლად ვერ ვითამაშეთ. დღეს მობილიზება მოვახერხეთ და გავიმარჯვეთ. სეზონის პირველი ნახევარი პირველ ადგილზე დავასრულეთ, რის გამოც ჩემი ბიჭების მადლიერი ვარ.
არ გამოვყოფ რომელიმე კონკრეტულ მოთამაშეს, თუმცა გუნდის კაპიტნის მიმართ საქებ სიტყვებს მაინც ვიტყვი. იგი მნიშვნელოვან როლს როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ ასრულებს. იმედია, მეორე წრეში სხვა მოთამაშეებიც მოუმატებენ, მათ საამისოდ ნიჭი გააჩნიათ.
დღეს უპირტესობა უკვე მეორე ათ წუთში მოვიპოვეთ, რის შემდეგ თამაშის შანსი სხვა მოთამაშეებსაც მივეცი.
მოსულ გულშემატკივრებს დღეს მხარდაჭერისთვის მადლობა მინდა გადავუხადო“.
ვაჟა კვარაცხელია („სოხუმის“ მთავარი მწვრთნელი): „დინამოს“ გამარჯვებას ვულოცავ. დღეს ამ გუნდის მოგება ლოგიკური იყო. 5-5-ზე კალათბურთი დიდი ხანი არ გვითამაშია. ვარჯიში 6-კაციანი შემადგენლობით მოგვიწია. ცუდი პირველი ნახევარი გვქონდა. დასვენების პერიოდში ახალი კალათბურთელების დამატებაზე უნდა ვიფიქროთ“.