შენგელიას 10 ქულა “ლაბორალს” პირეოსში გასამარჯვებლად არ ეყო
თორნიკე შენგელიას გუნდს ძალები არ ეყო საიმისოდ, რომ ევროლიგის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კერკეტი გუნდი სტუმრად დაემარცხებნა. ესპანურმა „ლაბორალ კუჩამ“ პირეოსში, „ოლიმპიაკოსს“ პირველი ტაიმი 37:28 მოუგო, მაგრამ საბოლოოდ გამარჯვებამდე მაინც ვერ მივიდა. ბერძნულმა რანდმა მეორე ტაიმი 48:27 მოიგო და გამარჯვებაც მასპინძლებს დარჩათ – 76:64.
შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე ჯამში 18:05 წუთი გაატარა. თორნიკე იყო სტუმართა გუნდის იმ 2 კალათბურთელს შორის, რომელთა ქულების მონაგარიც ორციფრიანი რიცხვით გამოიხატა. ვიტორიელთაგან 12 ქულით ბომბარდირი დარიუს ადამსი გახდა, ხოლო შენგელიამ 10 ქულა მიითვალა.
ქართველმა კალათბურთელმა 6-დან 3 ორქულიანი და 4-დან 4-ივე საჯარიმო ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა. 10 ქულასთან ერთად შენგელიას 3 მოხსნა და 1 ჩაჭრაც დაუგროვდა, ბურთი კი 1-ჯერ დაკარგა.
ესპანურმა გუნდმა ვერ მოახერხა „ოლიმპიაკოსის“ ლიდერის, ვასილის სპანულისის შეჩერება. ვეტერანმა სუპერვარსკვლავმა 27 ქულა და 6 პასი მიითვალა და მატჩის ბედის გადაწყვეტაში საკუთარი წვლილი ფასდაუდებელი გახადა.
სატურნირო ცხრილს დაბლა ხედავთ. მორიგ მატჩს შენგელიას გუნდი 29 იანვარს შინ „ემპორიო არმანისთან“ გამართავს.
gbf.ge