შსს აკადემია მემორიალის გამარჯვებულია (მატჩისშემდგომი კომენტარები)
ოლიმპიური ჩემპიონების – ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას რიგით მეათე მემორიალური ტურნირი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის გუნდმა მოიგო. ფინალური მატჩი პირველად ისტორიაში ქუთაისში, ლეგენდარული კალათბურთელების მშობლიურ ქალაქში ჩატარდა. საინტერესო და დაძაბულ მატჩში კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა აკადემიელებმა „რუსთავს“ 84:79 მოუგეს.
„შსს-აკადემიამ“ ქორქია-საკანდელიძის მემორიალი პირველად მოიგო. აკადემიელებს აქამდე 2 ფინალი ჰქონდათ წაგებული: 2010 წელს რუსთავის „ენერჯი-ინვესტთან“ დამარცხდნენ, ხოლო 2012 წელს მემორიალური ტიტული „არმიასთან“ დათმეს.
მესამე ცდაზე „შსს-აკადემიამ“ საწადელს მიაღწია. რუსთაველებმა მეტოქეს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს და მიუხედავად იმისა, რომ თითქმის მთელი თამაშის მანძილზე აგებდნენ, გამარჯვების შანსს ბოლო წუთებამდე ინარჩუნებდნენ.
გარდამტეხი ეპიზოდი ბოლო მეოთხედში იყო, როცა აკადემიელმა ბექა ჩიკვილაძემ ზედიზედ სამჯერ ჩაჭრა ბურთი და სამჯერვე შეტევა შედეგიანად დააგვირგვინა. ტუღუშის გუნდის უპირატესობამ ორციფრიან ნიშნულს მიაღწია და მიუხედავად იმისა, რომ რუსთაველებმა მაინც მოახერხეს მეტოქესთან მიახლოება, „შსს-აკადემიას“ მოპოვებული უპირატესობა აღარ დაუთმია.
ჩიკვილაძე ტურნირის საუკეთესო ფორვარდად დასახელდა, ხოლო საუკეთესო უკანახაზელად „რუსთავის“ ამერიკელი ლეგიონერი ტერენს ოგლსბი აღიარეს. ჩიკვილაძემ საბოლოოდ 20 ქულა დააგროვა, ხოლო მის თანაგუნდელმა გიორგი ცინცაძემ თავი 18 ქულას და 9 პასს მოუყარა. ორმაგი დუბლი შეასრულა გიორგი შარაბიძემ – 12 ქულა, 10 მოხსნა.
რუსთაველთაგან 32 ქულა და 7 პასი მიითვალა ნორვეგიული ფესვებისა და ამერიკული მოქალაქეობის მქონე ტერენს ოგლსბიმ, ხოლო ქვემოქართლური გუნდის მეორე მოთამაშე, რომელიც 10-ქულიან ზღვარს ასცდა, 14 ქულის მომგროვებელი მიხეილ ჭოჭუაა.
ვეტერან კალათბურთელებთან და ქორქია-საკანდელიძის ოჯახის წევრებთან ერთად თამაშს იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი, ქუთაისის მერი შოთა მურღულია, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობა – პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე და გენერალური მდივანი გიორგი ქართველიშვილი ესწრებოდნენ.
მატჩის შემდეგ დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა, რომელზეც საპატივცემულო სტუმრებმა გამარჯვებული გუნდი და საუკეთესოდ აღიარებული კალათბურთელები დააჯილდოვეს.
მატჩისშემდგომი კომენტარები
შსსაკადემია – რუსთავი 84:79
ლევან ყიფიანი(სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი): ფინალი ტურნირის შესაფერისი გამოდგა. ორი ღირსეული გუნდი შეხვდა ერთმანეთს. მივულოცავ შსს აკადემიას დამსახურებულ გამარჯვებას, თუმცა, უნდა აღვნიშნო რუსთავის გუნდი, რომელმაც ღირსეული მეტოქეობა გაუწია. რაც შეეხება ტურნირს, მემორიალი ერთ-ერთი გამორჩეული ღონისძიებაა. ქუთაისის მერთან ერთად დავგეგმეთ, რომ მომავალ წელს ამ ტურნირს მთლიანად ქუთაისმა უმასპინძლოს. ვიმედოვნებ, ეს ტურნირი მომავალში საერთაშორისო მასშტაბით გაიმართება. სამინისტრო ყველანაირად მხარს დაუჭერს და შეუწყობს ხელს, რომ ტურნირი იყოს ისეთი, როგორიც ქუთაისს, კალათბურთელებს და ზოგადად სპორტის ამ სახეობას ეკუთვნის.
კოტე ტუღუში (შსს აკადემიის მთავარი მწვრთნელი): ისეთი დაძაბული თამაში იყო, როგორიც ფინალს შეეფერებოდა. პირველივე წუთებიდან მთელი თამაშის განმავლობაში ვიგებდით, თუმცა ერთი წამითაც არ გვქონია მოდუნების საშუალება. ღირსეული და ძლიერი მეტოქე გვყავდა და კარგი თამაში გამოვიდა. მივულოცავ მთელ გუნდს და მთლიანად შსს აკადემიას ამ გამარჯვებას. პირველად მოვიგეთ ეს ტუტული და იმედია, ეს ჩვენი მომავალი წარმატების დასაწყისი იქნება.
ბექა ჩიკვილაძე (ტურნირის საუკეთესო ფორვარდი, შსს აკადემია): მთელი გულითა და სულით ვემზადებოდით ამ თამაშისთვის, ფინალში გავედით და აქაც ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთეთ. ძალიან ინტესიურად ვემზადებოდით და დღეში 2-ჯერ ვვარჯიშობდით, როგორც ფიზიკურად, ასევე სროლებში. ეს ყველაფერი თამაშზეც გადმოვიტანეთ, გავიმარჯვეთ და ვულოცავ მთელ გუნდს. რაც შეეხება საუკეთესო თავდამსხმელის ტიტულს, ეს ჩემი თანაგუნდელების დამსახურებაა, ისინი რომ არა, ამას ვერ მივაღწევდი.
ტერენს ოგლსბი (ტურნირის საუკეთესო უკანახაზელი, რუსთავი): სასიამოვნო იყი ფინალში თამაში, საინტერესო და თანაბარი მატჩი იყო, თუმცა სამწუხაროდ წარმატებას ვერ მივაღწიეთ. შსს ბრწყინვალე გუნდია, კარგი მსროლელებით დაკომპლექტებული და დღეს დაიმსახურა გამარჯვება. რაც შეეხება ჩემს ჯილდოს, გამიმართლა, ეს ჩემი თანაგუნდელების დამსახურებაა. “რუსთავის” ახალი წევრი ვარ, ერთმანეთს კარგად შევეწყვეთ და ბედნიერი ვარ, რომ ამ გუნდის ნაწილი გავხდი.
superleague.ge