“ა” ლიგა დასრულდა: სუპერლიგაში გადასასვლელად არენა და წყალტუბო იბრძოლებენ
დასრულდა „ა“ ლიგის გათამაშება. ტურნირის მონაწილე 6 გუნდი ერთმანეთს 2-2-ჯერ შეხვდა და 10 ტურის თავზე ის 2 საუკეთესო გუნდი გამოვლინდა, რომლებიც სუპერლიგაში გადასასვლელად იბრძოლებენ.
ესენი არიან „არენა-76“ და „წყალტუბო“. ორივე მათგანმა 8 მოგება და 2 მარცხი დააგროვა, უპირატესობა კი ურთიერთშეხვედრებში ორივე მოგების მომპოვებელ არენელებს მიენიჭათ, რომლებმაც პირველი ადგილი დაიკავეს.
„არენამ“ პირველობა ბოლო ტურში მოიპოვა. წყალტუბოელებმა ბოლო ტურის მატჩი ერთი დღით ადრე გამართეს და იმარჯვეს, „არენა“ კი დასკვნით მატჩში „კაკტუსს“ შეხვდა, რომელსაც გამარჯვების შემთხვევაში საუკეთესო 2 გუნდს შორის მოხვედრის შანსი ჰქონდა. სპორტის სასახლეში გამართული მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა, რომლის ბედიც ბოლო პერიოდში გადაწყდა.
„არენამ“ მძლავრი მესამე პერიოდი ჩაატარა, რომელიც 20:11 მოიგო და დასკვნითი მეოთხედის წინ 11 ქულით დაწინაურდა. მოპოვებული უპირატესობა არენელებმა ხელიდან აღარ გაუშვეს და საბოლოოდ 84:74 იმარჯვეს. 6 სამქულიანი ჩააგდო და 26 ქულით არენელთაგან ბომბარდირი გახდა დავით ლომიძე. 20 ქულა დააგროვა ჯერემი ბაინამმა, ხოლო ზურაბ მაჩალაძის ანგარიშზე 15 ქულა, 11 მოხსნა, 5 პასი და 5 ჩჭრა დაგროვდა. კაკტუსელებს ვერ უშველა სამა ტაკუს შედეგიანობამ, რომელმაც შეხვედრა 30 ქულით დაასრულა.
ამავდროულად გასარკვევი იყო იმ 2 გუნდის ვინაობა, რომლებიც „ა“ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად მომავალი სეზონის დაწყებამდე იბრძოლებენ. „კაკტუსმა“ ლიგაში დარჩენის დილემა რამდენიმე ტურის წინ გადაჭრა, ხოლო მეორე გუნდი ბოლოტურში გამოვლინდა. „სეუ-ჰიუნდაისა“ და თსუ-ს შორის გამარჯვებული ლიგაში რჩებოდა, წაგებული კი გორის „დილასთან“ ერთად უკანასკნელ 2 ადგილს იკავებდა. დებულების თანახმად, ბოლო 2 ადგილზე გასული გუნდი მომავალი სეზონის დაწყებამდე საკვალიფიკაციო მატჩებს გამართავს „ა“ ლიგაში შემოსასვლელი შესარჩევი ტურნირის 2 საუკეთესო გუნდთან.
ეს 2 გუნდი გორის „დილა“ და „სეუ-ჰიუნდაი“ იქნებიან. ამ უკანასკნელმა ბოლო ტურში თსუ-სთან მარცხი გაიცადა. 8:30 წაგებული მეორე მეოთხედის შემდეგ ჰიუნდაელებმა ვითრების გამოსწორება ვეღარ შეძლეს და საბოლოოდ 77:88 დამარცხდნენ. თსუ-ში 25 ქულით და 13 მოხსნით საუკეთესო ირაკლი ბეშქენაძე იყო, ხოლო „სეუ-ჰიუნდაიშიც“ 25-25 ქულა დააგროვეს გელა კოპალიანმა და კაილ ფულერმა.