გაფუჭებული ტაბლო და უშუქოდ დარჩენილი მაყურებელი – რა მოხდა სპორტის სასახლეში?
თბილისის მერიის თასის გათამაშების პირველი დღე მცირე ხარვაზებით „გამოირჩა“. მაგალითად, საქართველო – ესტონეთის შეხვედრის პირველ მეოთხედში ტაბლო არ მუშაობდა, რის გამოც გულშემატკივრებს ანგარიშს გაგების საშუალება არ ჰქონიათ. აღნიშნული ხარვეზი მეორე მეოთხედის დასაწყისის წინ გასწორდა, თუმცა სათქმელია, რომ ტაბლოზე მხოლოდ ანგარიშს ნახვა იყო შესაძლებელი, გუნდთა შემადგენლობისა და კალათბურთელთა სტატისტიკის ნახვა ტაბლოს საშუალებით შეუძებელი აღმოჩნდა. ამ ტექნიკური ხარვეზის გარდა, მატჩის დასრულების შემდეგ რამდენიმე წუთში შუქი ჩაქრა, რის გამო დარბაზში დარჩენილ საზოგადოებას გარკვეული პერიოდის განმავლობაში სიბნელეში დარჩენა მოუწია.
აღნიშნულ ფაქტს საღამოს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ მსგავს საკითხებზე სპორტის სასახლის ადმინისტრაციას უნდა ეზრუნა და თვითონ ფედერაცია ხარვეზებზე პასუხს ვერ აგებს, რამეთუ, სამწუხაროდ, დღეს, საკუთარი დარბაზი არ გააჩნია, რომელშიც ნაკრები საშინაო შეხვედრებს ჩაატარებს.
„თბილისის მერიის თასის გახსნის მატჩი ტექნიკური ხარვეზების თანხლებით ჩატარდა. ტურნირის პირველ მატჩში, რომელშიც საქართველო ესტონეთს ხვდებოდა, მწყობრიდან გამოვიდა სპორტის სასახლის ტაბლო და მატჩის მონაწილეებთან ერთად გულშემატკივარს დისკომფორტში უწევდა ყოფნა.
საკალათბურთო მატჩის ჩასატარებლად აუცილებელი პირობების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი სპორტის სასახლის დირექციაა, რომელმაც ტაბლოს თამაშის დღეს საგანგებო შემოწმება ჩაუტარა. მიუხედავად იმისა, რომ ელექტრონული ტაბლო გამართულად მუშაობდა, თამაშის წინ ის მწყობრიდან გამოვიდა და მატჩის ჩატარებას პრობლემები შეუქმნა. მომხდარის გამო წუხს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია და მიუხედავად იმისა, რომ სპორტის სასახლის ტექნიკურ გამართულებაზე პასუხისმგებლობა არ აკისრია, ბოდიშს უხდის დარბაზში საქართველოს ნაკრების საქომაგოდ მოსულ ათასობით გულშემატკივარს. სამწუხაროდ, ფედერაციას არ გააჩნია საკუთარი დარბაზი, რათა საერთაშორისო და შიდასაჩემპიონატო მატჩებს უმასპინძლოს და მათ გამართულად ჩატარებაზე გულშემატკივარის წინაშე სრული პასუხისმგებლობა აიღოს“, – ნახსენებია საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ოფიციალურ განცხადებაში.