„სოხუმმა“ წაგებების სერია „ოლიმპთან“ მოგებით შეწყვიტა (ფოტომიმოხილვა)
დღეს საკალათბურთო სუპერლიგის მე-16 ტურის დარჩენილი ორი მატჩი შედგა.
პირველ მატჩში ერთმანეთს სატურნირო ცხრილში მეზობლები „სოხუმი“ და „ოლიმპი“ შეხვდნენ. „სოხუმს“ სუპერლიგაში დიდი ხანი არ მოუგია, „ოლიმპმა“ კი ახალი თავკაცის ლეონიდ ივატინის ხელმძღვანელობით პირველი მატჩი ჩაატარა, რომელიც მისთვის უიღბლო გამოდგა – სოხუმელებმა ანგარიშით 64:74 მოიგეს.
ვაჟა კვარაცხელიას გუნდმა უპირატესობა პირველივე მეთხედში მოიპოვა, რომელიც 20:8 მოიგო. აღსანიშნავია, რომ „ოლიმპის“ კალათბურთელები აქცენტს სამქულან სროლებზე აკეთებდნენ და რაც შეიძლება მეტი შორეული სროლის გაშვებას ცდილობდნენ, რამაც, შესაძლოა, შეხვედრის შედეგზეც იმოქმედა, რადგან მათ ეს კარგად ვერ გამოსდიოდათ.
თუმცა, მეორე მეოთხედში „ოლიმპმა“ ანგარიშის გათანაბრება შეძლო და დიდი შესნევების წინ ტაბლოზე 35:35 იყო. სამაგიეროდ, მესამე მეოთხედში იგივე სურათი ვიხილეთ, რაც პირველ ათ წუთში, როდესაც „სოხუმი“ უკეთესად გამოიყურებოდა. შედეგად, კვარაცხელიას გუნდი 8 ქულით დაწინაურდა, ბოლო მეოთხედში კი „ოლიმპმა“ ვერაფერი მოახერხა და, საბოლოოდ, 10 ქულით წააგო.
„სოხუმის“ შემადგენლობიდან 17 ქულით, 10 მოხსნითა და 6 პასით საუკეთესო ლევან ფაცაცია იყო. „ოლიმპიდან“ ლაშა ფარღალავა გამოირჩა, რომელმაც 16 ქულასთან ერთად 3 მოხსნა და 2 პასი მიითვალა.
ამ გამარჯვებით „სოხუმმა“ 16 მატჩიდან 8 მოიგო და ამჟამად მე-5 საფეხურზე იმყოფება. „ოლიმპი“ 6 მოგებთა და მარცხით ბოლოსწინა ადგილზეა, თუმცა სამშაბათს ივატინის გუნდი ბოლოადგილოსან „აკადემიასთნა“ გადატანილ შეხვედრას ითამაშებს – გამარჯვების შემთხვევაში, „ოლიმპი“ ცხრილში „რუსთავს“ გაუსწრებს.
მეორე მატჩში „დინამომ“ „რუსთავს“ 6 ქულით – 66:60 მოუგო და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე დაბრუნდა.
„ოლიმპი“ – „სოხუმი“ 64:74 (8:20, 27:15, 13:21, 16:18)
ჩვენი ფოტოგრაფის მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები: