„მგზავრებმა“ რუსთავში მოიგეს, „ბათუმმა“ „აკადემია“ დაამარცხა
საკალათბურთო სუპერლიგის 26-ე ტურის დარჩენილი ორი მატჩი რუსთავსა და ბათუმში შედგა.
ქვემო ქართლში ადგილობრივმა გუნდმა „მგზავრებს“ უმასპინძლა. სატურნირო თვალსაზრისით, ორივე მეოთხე ადგილისთვის მებრძოლი გუნდისთვის ამ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ამ ტურამდე, როგორც „რუსთავს“, ასევე „მგზავრებს“, 37 ქულა ჰქონდათ. დღევანდელი მატჩი კი „მგზავრების“ 3-ქულიანი გამარჯვებით, 76:79 დასრულდა.
პირველი მეთხედი „რუსთავმა“ ერთქულიანი ჰანდიკაპით (23:22) მოიგო, თუმცა მეორე ათწუთიანი პერიოდის შემდეგ სტუმრები 8-ქულიანი უპირატესობით ლიდერობდნენ (37:45). ამ პერიოდში რუსთაველთა მხრიდან აღსანიშნავი იყო კაელ ტურპინი, რომელიც როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში გუნდს დაეხმარა, სამჯერ ბურთი მეტოქის ფარშიც ჩატენა.
შესვენების შემდეგ რუსთაველები უკეთ გამოიყურებოდნენ და ბოლო მეოთხედის წინ სხვაობა ხუთ წულამდე შეამცირეს. ბოლო მეოთხედის მიმდინარეობისას რამაზ გოგობერიშვილის გუნდმა დაწინაურებაც მოახერხა, თუმცა „მგზავრები“ თამაშში მალე დაბრუნდნენ. შეხვედრის დასრულებამდე 33 წუთით ადრე, როდესაც ანგარიში 74:74 იყო, კაჰიმ რენსომმა მეტოქის ფარში სამქულიანი სროლის ჩაგდება შეძლო, რამაც შეხვედრის შედეგზე იმოქმედა. 1 წამით ადრე „რუსთავი“ შეტევაში დაჯარიმდა, რეჯი მურფის ორიდან ერთი სროლა (პირველი) ზუსტი გამოდგა.
„რუსთავის“ მხრიდან 34 ქულით, 10 მოხსნითა და 4 პასით ნიკოლა გაჩეშა გამოირჩა. სათქმელია, რომ რუსთაველთა გამთამაშებელმა ლევან გამყრელიძემ 2 ქულასთან და 6 მოხსნასთან ერთად 18 პასი მიითვალა, რითიც პასების მხვრივ სეზონში თავისივე და ზოგადად სუპერლიგის შედეგი გააუმჯობესა. „მგზავრებიდან“ 21 ქულა, 4 პასი და 5 მოხსნა კაჰიმ რენსომმა მიითვალა. მასზე 1 ქულით ნაკლები რეჯი მურფიმ დააგროვა, რომლის ანაგრიშზე ასევე 11 მოხსნაა.
ამ გამარჯვებით „მგზავრებმა“ 39 ქულა დააგროვეს და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილი დაიკავეს. ამჟამად ბერიშვილის გუნდი მე-4 ადგილზე მყოფ „სოხუმს“ 1 ქულით ჩამორჩება. შემდეგ ტურში, რომელიც ოც აპრილს შედგება, „მგზავრების“ მეტოქე სწორედ „სოხუმი“ იქნება. რაც შეეხება „რუსთავს“, ის აუტსაიდერ „აკადემიას“ 23 აპრილს შეხვდება.
„რუსთავი“ – „მგზავრები“ 76:79 (23:22, 14:23, 17:14, 22:20)
გათამაშების ცხრილის ლიდერმა „ბათუმმა“ ბოლოადგილოსანი „აკადემია“ 21 ქულით დაამარცხა (110:89). აჭარელთა მხრიდან 22 ქულით, 9 მოხსნითა და 7 პასით საუკეთესო ლეონიდ შტეფანიშინი იყო. „აკადემიადან“ 25 ქულა და 10 მოხსნა აკაკი ლომოურმა მიითვალა.
26 ტურის შემდეგ „ბათუმს“ 44 ქულა აქვს და მეორე ადგილზე მყოფ „სოხუმს“ 1 ქულით უსწრებს. „აკადემია“ 31 ქულით ბოლო ადგილზე რჩება და მე-7 საფეხურზე მყოფ „ოლიმპს“ 4 ქულით ჩამორჩება.
„ბათუმი“ – „აკადემია“ 110:89 (27:20, 25:22, 28:20, 30:27)