რეგულარულის ბოლო ტური „რუსთავის“ 29-ქულიანი მოგებით დაიწყო
სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის ბოლო, 28-ე ტური, რუსთავში დაიწყო, სადაც ადგილობრივმა გუნდმა „ოლიმპს“ უმასპინძლა და 29 ქულით, 115:86 დაამარცხა, რითიც სეზონში დაგროვილი ქულების რაოდენობით რეკორდი დაამყარა – აქამდე ყველაზე მეტი ქულით „ბათუმი“ გამოირჩა, რომელმაც „აკადემიასთან“ მატჩში 110 ქულა დააგროვა.
რუსთაველებმა უპირატესობა თავიდანვე მოიპოვეს, დიდი შესვენების წინ გოგობერიშვილის გუნდი 18 ქულით იგებდა (58:40). „ოლიმპს“ ჩვეული სამქულიანების სროლა ვერ გამოსდიოდა, რაც გუნდმა მესამე და მეოთხე პერიოდში გამოსწორა. ბოლო ათწუთიან მონაკვეთში ივატინის კალათბურთელებმა სხვაობის 9 ქულამდე შემცირება შეძლეს, თუმცა მასპინძლებმა უპირატესობა მალევე დაიბრუნეს და ერთ ბურთს მეორის მიყოლებით აგდებდნენ. შეხვედრის ბოლოს „რუსთავის“ მხრიდან აღსანიშნავია ორი ახალაგზრდა კალათბურთელის გიორგი დვალისა და მალხაზ აბაიშვილის გამოჩენა – დვალმა 3 ქულისა და 2 ასისტის დაგროვება მოასწრო, აბაიშვილმა 3 ქულასთან ერთად 1 მოხსნა და 4 პასიც მიითვალა. გამარჯვებულთა მხრიდან სტატისტიკურად საუკეთესო კაელ ტერპინი იყო – ამერიკელმა 24 ქულა და 14 მოხსნა მიითვალა. ამდენივე ქულა რევაზ ჩაჩანიძემ დააგროვა, მაგრამ აქტივში მხოლოდ 1 მოხსნა ჩაიწერა. „ოლიმპს“ 27 ქულით, 10 მოხსნითა და 2 ასისტით ლესლი სმიტმა ულიდერა.
ამ გამარჯვების „რუსთავმა“ 42 ქულა დააგროვა და მინიმუმ ხვალამდე აქამდე მეხუთე ადგილზე მყოფ „მგზავრებს“ გადაუსწრო, რომელიც ხვალ ბოლოადგილოსან „აკადემიას“ შეხვდება. ზედა ოთხეულში შესვლისა და ჩემპიონობისთვის ბრძოლის შანსი ცხრილის მეორე ნაწილში მყოფ არც ერთ გუნდს აღარ აქვს.
„რუსთავი“ – „ოლიმპი“ 110:86 (27:15, 31:25, 25:33, 32:13)
ბოლო ტური ხვალ, თბილისის „ახალ სპორტის სასახლეში“, შემდეგი მატჩებით გაგრძელდება:
11:45 – „სოხუმი“ – „ბათუმი“
14:00 – „აკადემია“ – „მგზავრები“
16:00 – „დინამო“ – „ქუთაისი“