„ქუთაისი“ საქართველოს ჩემპიონია
ქუთაისის „სპორტის სასახლეში“ საკალათბურთო სუპერლიგის ფინალური სერიის მეხუთე მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, 76:71 გამარჯვებით დასრულდა.
პირველი მეოთედი „ქუთაისმა“ 1 ქულით (22:21) მოიგო, დიდი შესვენების წინ კი 4 ქულითაც დაწინაურდა (42:38). მესამე ათწუთიანი პერიოდი ქუთაისელებმა წარმატებით დაიწყეს და უპირატესობა 9 ქულამდეც გაზარდეს (47:38). ამის შემდეგ „დინამოს“ ჯერი დადგა – სტუმრებმა არამხოლოდ ანგარიშის შემცირება, არამედ 4 ქულით დაწინაურებაც შეძლეს, მაგრამ მეოთხედის ბოლო წამზე ზაურ ფაშაევმა მეტოქის ფარში სამქულიანი სროლა ჩააგდო და ბოლო მეოთხედის წინ „დინამო“ 1 ქულით იგებდა (61:60). ბოლო მეოთხედი თანაბრად მიმდინარეობდა. შეხვედრის დასრულებამდე 1 წუთითა და 15 წამით ადრე გიორგი შარაბიძემ 2 სროლიდან 1 ჩააგდო, რის შემდეგაც 56 წამით ადრე „ქუთაისი“ 2 ქულით ფაშაევმა დააწინაურა (71:69). დარჩენილ დროში „ქუთაისმა“ კიდევ 5 ქულა მიითვალა, „დინამომ“ კი – მხოლოდ 2.
საქართველოს ახალი ჩემპიონის მხრიდან 25 ქულით, 15 მოხსნითა და 2 პასით საუეკთესო ბექა ბექაური იყო. 18 ქულა, 5 მოხსნა და 6 პასი კი ზაურ ფაშაევმა დააგროვა. „დინამოდან“ 20 ქულით, 4 მოხსნითა და 4 პასით მაქსიმ კოვაჩევიჩი გამოირჩა. 16 ქულა, 4 მოხსნა და 4 პასი თავის ანგარიშზე ოდრი მაკალპინმა ჩაწერა.
ამრიგად, თავის ისტორიაში პირველად, „ქუთაისი“ სუპერლიგის გამარჯვებული გახდა.
„ქუთაისი“ – „დინამო“ (22:21, 20:17, 15:23, 16:10)