საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა თბილისური ტურნირი თურქეთის ძლევით დაიწყო
საქართველოს 16 წლამდე კალათბურთელთა ნაკრების გამარჯვებით დაიწყო თბილისის საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც სამი გუნდი მონაწილეობს.
მასპინძლების გარდა შეჯიბრებაში ჩაერთვნენ თურქეთი და ისრაელი. უფრო მართებული იქნებოდა თუ ვიტყოდით, ჩაერთო ორი, მესამე, ისრაელი კი პირველ მატჩს ხვალ ჩაატარებს. მისი მეტოქე ქართველთაგან ძლეული თურქეთი იქნება. ბუბა ბერიშვილის მიერ გაწვრთნილმა კადეტებმა დაძაბულ ბრძოლაში, 9 ქულის სხვაობით დაამარცხეს მეზობლები.
ჩვენს გუნდს ოთხივე პერიოდი არათანაბარი გამოუვიდა. შეხვედრის დასაწყისში თურქები უკეთ გამოიყურებოდნენ, 6:0 დაწინაურდნენ კიდეც, თუმცა მეორე ათწუთეულში სურათი ჩვენს სასარგებლოდ შეიცვალა და თურქევის დაცვას ქართული “მიძალების” გაძლება გაუჭირდა. შედეგად, მეორე პერიოდი 31:18 მოვიგეთ და დიდი შესვენებისთვის სწორედ იმ სხვაობით დავწინაურდით, როგორითაც საბოლოოდ გავიმარჯვეთ.
თურქები დანებებას არ აპირებდნენ, განსაკუთრებით ფარქვეშიდან აქტიურობდნენ და მესამე პერიოდში ანგარიში გაათანაბრეს კიდეც – 50:50. 60-ქულიან ნიშნულამდე ანგარიშში ქულა-ქულაში მიდიოდა, შემდეგ კი კვლავ ჩვენი გუნდი დაეუფლა ინიციატივას, რაც უმთავრესად დაცვაში თამაშის გაუმჯობესების შედეგი იყო. შტევაში კი ოთარ პერტაიამ გამოიდო თავი. გადამწყვეტ მომენტში მისმა პასებმა, ფარქვეშ შესვლებმა და სამქულიანებმა თურქებს თამაშის შემოტრიალების შანსი მოუსპო. საბოლოოდ მატჩის ბომბარდირი სწორედ პერტაია გახდა.
მის ანგარიშზე 15 ქულა დაფიქსირდა, 9-დან 4 სამქულიანი გამოიყენა. საქართველოს კადეტთა ნაკრებში 2000-წლიანთა გვერდით რამდენიმე 2001-იანია. მათგან ერთ-ერთმა ირაკლი სულხანიშვილმა მეორე ტაიმი თითქმის სრულად ითამაშა, მხოლოდ ბოლო წუთებზე, მეხუთე ჯარიმის გამო შეცვალეს. ხვალ, 18 საათზე, ახალ სპორტის სასახლეში ისრაელი-თურქეთია, ხუთშაბათს კი, ამავე დროს – საქართველო-ისრაელი.
საერთაშორისო ტურნირი U16. ახალი სპორტის სასახლე. 26 ივლისი
საქართველო 77:68 თურქეთი
საქართველო: გეგუჩაძე (9ქ), კოჩიაშვილი (4), კვაჭანტირაძე (8ქ), ჟღენტი (7ქ, 3ჩ), წენგუაშვილი (2ქ), ჭეიშვილი (9ქ), მიქელაძე (6ქ), ანდრონიკაშვილი (1ქ), ცერცვაძე (3ქ), ნარსია (10ქ, 6მ, 3პ), პერტაია (15ქ, 3პ), სულხანიშვილი (3ქ, 5მ).