თორნიკე შენგელია: “მე თვალს ვეღარ დავხუჭავ”
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, თორნიკე შენგელიამ სოციალურ ქსელ Facebook-ში, თავის ოფიციალურ გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა.
“მოგესალმებით,
შეგნებულად გაკეთებული დიდხნიანი პაუზის შემდეგ მინდა კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო და ხაზი გავუსვა ჩემს პოზიციას მამაჩემ კახა შენგელიასა და კალათბურთის ფედერაციას შორის მომხდართან დაკავშირებით.
მეც და მამაჩემმაც შეგნებულად შევიკავეთ თავი, რომ გაგვეკეთებინა ნებისმიერი სახის განცხადება ამ პერიოდში, რადგან არ გვინდოდა ეს 1 პროცენტით მაინც შეხებოდა უარყოფითად საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს და ოდნავ მაინც ხელი შეეშალა ჩვენი გუნდისათვის მიზნის მისაღწევად!
კალათბურთის ფედერაციის მიერ უსამართლო ქმედებების გამო, კალათბურთის და კახა შენგელიას მიმართ, მე თვალს ვეღარ დავხუჭავ და ვიტყვი იმას, რომ ეს არის უპატივცემულობა კალათბურთის მიმართ და ცილისწამება კახა შენგელიას მიმართ, რაც მათ გააკეთეს.
ძალიან დიდი იმედი მაქვს და მჯერა, რომ მალე ყველაფერს ფარდა აეხდება და სიმართლე გაიმარჯვებს, სიმართლე რომელიც ჭირდება საქართველოს საკალათბურთო საზოგადოებას და საქართველოს!” – წერს შენგელია.
შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელიას მამამ, კახა შენგელიამ, რომელი კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი იყო, თავისი პოსტი დატოვა. ის და თემურ დათიკაშვილი ფედერაციას ბიუჯეტიდან ახალგაზრდა კალათბურთელებისათვის გამოყოფილი თანხების არამიზნობრივად დახარჯვაში ადანაშაულებდნენ.