ფაჩულიას მორიგი სასტარტო და “გოლდენ სტეიტის” იოლი გამარჯვება “კლიპერსთან”
სეზონის პირველ საგამოფენო მატჩში „ტორონტოსთან“ დამარცხების შემდეგ ზაზა ფაჩულიას „გოლდენ სტეიტმა“ პირველი საშინაო შეხვედრა გამართა და „ლოს ანჯელეს კლიპერსი“ გაანადგურა. კანადაში წაგებული მატჩის შემდეგ დავწერეთ, რომ საგამოფენო მატჩებში შედეგს მწვრთნელები მნიშვნელობას არ ანიჭებენ, თუმცა დარბაზში მისული გულშემატკივარი ყოველთვის მოგებას ითხოვს და „ოქროს მეომრებმაც“ თანაშტატელი გუნდის დამარცხებით ოკლენდელი ფანები დიდად გაახარეს.
დარბაზში წარმოუდგენელი ატმოსფერო სუფევდა: სავსე ტრიბუნები და მუდმივად მომართული მაყურებელი. ასეთ ემოციურ გარემოში სტივ კერიმ ცოტა ხნით დაივიწყა, რომ „კლიპერსს“ საგამოფენო მატჩში ერკინებოდა და გუნდის ლიდერები მოედანზე მოსალოდნელზე მეტი ხნით დატოვა. გოლდენსტეიტელებსაც მეტი რა უნდოდათ – ზეშედეგიანი თამაშის წყალობით დასავლეთ კონფერენციისა და სრულიად ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო რეიტინგის მქონე გუნდი მიწასთან გაასწორეს.
პირველი პერიოდი „გოლდენ სტეიტმა“ 35:19 მოიგო. სასტარტო ხუთეული უცვლელი იყო: კარი, ტომპსონი, დიურანტი, გრინი და ფაჩულია. ზაზამ პირველ პერიოდში 3 შედეგიანი პასი გასცა კარის, ტომსპონისა და გრინის მისამართით. საწყის მეოთხედში ქართველმა ცენტრმა ასევე 2 მოხსნა და 1 ქულა მიითვალა და სათადარიგოებში გადაინაცვლა. დიურანტისა და ტომპსონის მექულეობით ოკლენდელებმა მეორე პერიოდი 36:14 მოიგეს და დიდ შესვენებაზე მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო – 71:33.
მესამე პერიოდში მასპინძელთა ლიდერები თამაშში კიდევ ერთხელ ჩაერთვნენ და „გოლდენ სტეიტის“ უპირატესობამ 50 ქულას მიაღწია. ეს იყო მეტოქე გუნდის განადგურება, რომელსაც შემადგენლობაში ისეთი სუპერვარსკვლავები ჰყავს, როგორებიც კრის პოლი, დეანდრე ჯორდანი და ბლეიკ გრიფინი არიან. „კლიპერსი“ სპეციალისტების მიერ წინასასეზონო რეიტინგებში ლიგის მე-4 საუკეთესო გუნდად მიიჩნევა.
მესამე პერიოდის მეორე ნახევრიდან გოლდენსტეიტელთა ხუთეულის წევრები მოედნიდან გავიდნენ და უკან აღარ დაბრუნებულან. საბოლოოდ მატჩი მასპინძელთა 45-ქულიანი გამარჯვებით – 120:75 დასრულდა, რაშიც ყველაზე მსუყე წილი 30 ქულით კლეი ტომპსონმა დაიდო. არანკლებ სარგებლიანი იყო 21 ქულის, 7 მოხსნისა და 7 პასის მომხვეჭი კევინ დიურანტი. სტეფ კარიმ 23-წუთიანი თამაში 14 ქულითა და 5 პასით დაასრულა.
ზაზა ფაჩულიამ მოედანზე მთლიანობაში 15 წუთი გაატარა და 6 მოხსნა, 3 პასი და 1 ქულა მოაგოვა. ქართველ ცენტრს თამაშიდან არ შეუტევია და წინა მატჩის მსგავსად 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. ფაჩულიამ რომ მეტოქის ფარს არ შეუტია, სულაც არაა გასაკვირი. გუნდში, სადაც ნბა-ს 3 სუპერმექულეა დიურანტის, კარისა და ტომპსონის სახით, იქ ქულების ამბავში რომ ვინმემ თავი გამოიჩინოს, რთულიცაა და არაპრაგმატულიც. როცა დიურანტი, კარი და ტომპსონი მოედანზეა, თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არაა, სხვამ რატომ უნდა გადაწყვიტოს მეტოქის ფარის შეტევა?!
აქედან გამომდინარე, ფაჩულიასგან, რომელიც სასტარტო ცენტრია და მოედანზე უმეტესად სწორედ ამ სუპერმექულეებთან ერთად მოუწევს ყოფნა, ქულებს ნაკლებად უნდა ველოდოთ. ასე იყო გოლითი ანდრე ბოგატი, რომელიც „გოლდენ სტეიტში“ გასულ სეზონში თამაშობდა და საშუალოდ 5.4 ქულას აგროვებდა. მიუხედავად ქულათა სიმწირისა, ავსტრალიელი ცენტრი დაცვის ხარჯზე გუნდის ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო მოთამაშედ ითვლებოდა. ქართველ ცენტრსაც ძირითადად დაცვაში მოუწევს უფრო მეტი მუშაობა, რომელიც ბურთებს მოხსნის, თანაგუნდელებს ბლოკებს დაუყენებს, მეტოქის ცენტრს პერსონალურად დაიცავს და შესაბამისად მისგან ქულებზე მეტად სხვა სტატისტიკურ მონაცემებს უფრო უნდა ველოდოთ. დიდი ალბათობით, ზაზა იქნება იმგვარი მოთმაშე, რომელიც „გოლდენ სტეიტს“ ბურთის კალათში ჩააგდებაზე მეტად მისი ფარიდან მოხსნით, ჩაჭრით, თანაგუნდელთათვის პასის მიცემითა და ბლოკის დაყენებით დაეხმარება.
„გოლდენ სტეიტი“ მომდევნო საგამოფენო მატჩს 7 ოქტომბერს, შინ „საკრამენტოსთან“ გამართავს.
GBF.GE