ფაჩულიას საუკეთესო მატჩი “გოლდენ სტეიტში” და განადგურებული “ოკლაჰომა სიტი”
თითქმის მთელი ამერიკისთვის და ნბა-ს მსოფლიო ქომაგებისთვის „გოლდენ სტეიტი“ – „ოკლაჰომა სიტის“ დაპირისპირებას კევინ დიურანტის ყოფილ გუნდთან პირველი შეჯახების ინტრიგა ახლდა, მაგრამ საქართველოს ნაკრებისა და განსაკუთრებით ზაზა ფაჩულიას ქომაგებისთვის ეს ქართველის ცენტრის მორიგი, ოკლენდელთა შორის დამკვიდრების საფეხური გახლდათ. ფაჩულიამ ბრწყინვალედ გაართვა თავი მასზე დაკისრებულ ფუნქციებს, სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა და ამით კონფერენციის ლიდერ „ოკლაჰომასთან“ „გოლდენ სტეიტის“ გამარჯვებაში საკუთარი, მნიშვნელოვანი წილი დაიდო.
დასავლეთ კონფერენციაში დღვანდლამდე მხოლოდ ერთი დაუმარცხებელი გუნდი იყო დარჩენილი. „ოკლაჰომამ“ 2 დღის წინ ლოს ანჯელესში „კლიპერსს“ სეზონის პირველი მარცხი შეამთხვია და დასავლეთის წაუგებელ ლიდერად იქცა. დღს კი ოკლაჰომელები ოკლენდეში ჩავიდნენ და მათი ყოფილი ლიდერისგან 39 ქულა მიიღეს, რასაც ზაზა ფაჩულიას და სხვა ოკლენდელთა ბრწყინვალე გარჯაც დაერთო და „გოლდენ სტეიტმა“ მომხვდური 122:96 გაანადგურა.
ფაჩულია ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და ორმაგ დუბლამდე 2 ქულა დააკლდა. ის რომ მოედნიდან მესამე პერიოდში არ გაეყვანათ, როცა ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, შესაძლოა, ქართველი ცენტრი სამმაგ დუბლამდეც ასულიყო. ზაზამ ყველა სტატისტიკურ მაჩვენებელს მსუყედ მოუსინჯა გემო და მისი ქომაგები ბრწყინვალე შედეგით გაახარა: 23 წუთში 8 ქულა, 10 მოხსნა (6 მეტოქის ფარზე), 5 პასი, 3 დაფარება და 3 ჩაჭრა. ზაზამ შეხვედრა სროლათა 100-პროცენტიანი მაჩვენებლით დაასრულა – ანუ 4-დან ოთხივე ორქულიანი ტყორცნა გამოიყენა. მას უწევდა „ოკლაჰომას“ ახალზელანდიელ ცენტრ სტივ ადამსთან ორთაბრძოლა, რომელიც ნბა-ს ერთ-ერთ ყველაზე ხისტ და გაუვალ მეფარედ ითვლება. ძლიერ ოპონენტთან ბრძოლაში ფაჩულიამ საკუთარი ძალა გამოაჩინა და სეზონის საუკეთესო სტატისტიკაც დააფიქსირა.
რაც შეეხება დიურანტს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ოკლაჰომელთა ექსლიდერმა ყოფილ გუნდს 39 ქულა დაასეტყვა და წარმატების ყოველი გზა მოუჭრა. ყოფილ თანამებრძოლ რასელ ვესტბრუკს კი დიურანტმა არა, მაგრამ დრეიმონდ გრინმა გაქანება არ მისცა. სუპერმექულე ვესტბრუკი თავის ჩვეულ გარღვევებს ისე წარმატებით ვერ ახორციელებდა და საბოლოოდ 20 ქულას დასჯერდა. 21 ქულით და 7 პასით დაასრულა შეხვედრა სტეფ კარიმ, ხოლო კლეი ტომპსონმა ოკლენდელებს 18 ქულა მიაშველა.
4 მოგებითა და 1 მარცხით „გოლდენ სტეიტი“ იმ 3 გუნდს შორისაა, რომლებიც დასავლეთ კონფერენციას ლიდერობენ. მომდევნო მატჩს ოკლენდელები 5 ნოემბერს მეზობელ „ლოს ანჯელეს ლეიკერსთან“, სტუმრად გამართავენ.
GBF.GE