ზაზა ფაჩულიას გარეშე მოთამაშე “გოლდენ სტეიტი” “მემფის გრიზლთან” დამარცხდა
ზაზა ფაჩულიამ მიმდინარე სეზონის პირველი მატჩი გამოტოვა. რეგულარული ჩემპიონატის საწყის 23-ივე შეხვედრაში სასტარტო ხუთეულში მყოფი “გოლდენ სტეიტის“ ქართველი ცენტრი 24-ე მაჩში მოედანზე ვერ გავიდა, რისი მიზეიც მარჯვენა მაჯის ტრავმაა.
დღეს, გამთენიისას, მემფისში გამართული მატჩის წინასწარ განაცხადში ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო მითითებული, თუმცა მაჯის გასიების გამო მისი მოედანზე გაყვანა ექიმებმა ბოლო წამს გადაიფიქრეს.
2 დღის წინ, „იუტასთან“ გამართული მატჩის შემდეგ ფაჩულიას მაჯაზე ყინულები ედო და ჟურნალისტებს უთხრა, რომ ხელი ოთხშაბათს, „კლიპერსთან“ შეხვედრაში იტკინა, თუმცა სერიოზული არაფერია.
სერიოზული მართლაც არაფერია და ზაზა მოედანზე მალე დაუბრუნდება. რაც შეეხება მემფისში გამართულ შეხვედრას, რეგულარული ჩემპიონატის ლიდერმა „გოლდენ სტეიტმა“ მოულოდნელად უშანსოდ – 89:110 წააგო. ფაჩულიას ნაცვლად ოკლენდელთა სასტარტო ხუთეულში ანდერსონ ვარეჟაომ ითამაშა, რომელმაც 18 წუთში 5 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა, ბურთი კი ვერ ჩააგდო.
წაგების მიუხედავად „გოლდენ სტეიტი“ მაინც ლიდერად დარჩა, რადგან მდევარმა „სან ანტონიომ“ წინა დღეს წააგო. მომდევნო მატჩს ფაჩულიას გუნდი 12 დეკემბერს, მინესოტაში „ტიმბერვულვსთან“ გამართავს.
GBF.GE
იხილეთ მიმოხილვა