ფაჩულიამ დემარკუს ქაზენსი გაჩერა და საკრამენტოში მოგებული მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა
ზაზა ფაჩულიას ყოველთვის შეეძლო პრინციპული მატჩების მაღალ დონეზე თამაში. საქართველოს ნაკრებში მას არც ერთი პრინციპული მატჩი არ ჩაუგდია და ყოველთვის, ღირსეულად უკაპიტნია გუნდისთვის. მსოფლიოს უძლიერესი საკალათბურთო ლიგის ერთ-ერთ ფავორიტ გუნდში მას დღეს, გამთენიისას თავისი პრინციპული მატჩი ჰქონდა და ფაჩულიამ არც ამჯერად უღალატა საკუთარ ტრადიციას.
ერთი შეხედვით, რეგულარული ჩემპიონატის ერთ-ერთი რიგითი მატჩი გახლდთ, რომელსაც „გოლდენ სტეიტი“ სამეზობლოში, „საკრამენტო კინგზთან“ ატარებდა, თუმცა ქართველი ცენტრისთვის ამ შეხვედრას პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა. რამდენიმე დღის წინ, როცა ნბა-ს ოლ სტარის გამოკითხვის პირველი შუალედური შედეგები გამოქვეყნდა, სადაც ფაჩულია დასავლელ წინახაზელებს შორის მეორე გახლდათ, ხოლო საკრამენტოელი დემარკუს ქაზენსი მე-6, Youtube-ზე და სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც ქაზენსმა აღშფოთება გამოთქვა – აქაოდა, ზაზა რატომაა მეორეზე და მე სადღაც ქვემოთო. ამ ვიდეო-რგლის ავთენტურობა საეჭვოა და არავინ იცის, ქაზენსი ნამდვილად გულისხმობდა თუ არა კონკრეტულად ოლ სტარტის გამოკითხვას, როცა ამბობდა, სასაცილოაო.
ასე თუ ისე, რამდენიმე დღეში ფაჩულიას (და ქაზენსსაც) შესანიშნავი შანსი გაუჩნდათ საიმისოდ, რომ საკუთარი შესაძლებლობები მოედანზე, პირად დაპირისპირებაში დაემტკიცებინათ. ქაზენსი ძალიან მაგარი ცენტრია და მიმდინარე სეზონში მატჩში საშუალოდ მითვლილი მისი 28,5 ქულა და 10 მოხსნაც ნებისმიერ მეფარეს მოსჭრის თვალს. შესძლოა, მავანმა სწორედ ამ რიცხვების გამო ჩათვალოს, რომ ქაზენსი იმსახურებს ოლ სტარში თამაშს და ეს ალბათ ასეცაა, მაგრამ დღევანდელი შეხვედრის შემდეგ მასსა და ფაჩულიას შორის თუკი არჩევანი იქნება გასაკეთებელი, ოლ სტარში მოხვედრას უპირველესად ქართველი ცენტრი იმსახურებს.
ხასიათის არამდგრადობისა და არაპროფესიონალიზმის გამო დათმო ქაზენსმა დღეს, გამთენიისას ფაჩულიასთან დუელი, ხოლო მისმა გუნდმა „გოლდენ სტეიტთან“ წაგო. ქართველ ცენტრთან ორთაბრძოლაში თამაში ისე დალაგებულად, რომ არ მისდიოდა, როგორც ზოგადად სჩვევია, ქაზენსი განრისხდა, ტექნიკური ჯარიმა მიიღო, ხოლო მოედნიდან გასულმა სათადარიგოთა სკამს დასცხო ჯერ წიხლი, შემდეგ კი მუშტებიც მიაყოლა. ზაზა კი ამ დროს აუღელვებლად, უსიტყვოდ და რაც მთავარია შედეგიანად თამაშობდა. ფაჩულიას არ აქვს იმგვარი შთამბეჭდავი სტატისტიკა, როგორიც ქაზენსს, მაგრამ იმ დროში, რამდენსაც ქართველი ცენტრი საშუალოდ თამაშობს, ქაზენსზე გაცილებით სასარგებლოა.
იმ მომენტისთვის ქაზენსი წყობილებიდან გამოვიდა, რიტმიდან ამოვრდა და ეს უპირველესაც ფაჩულიას დამსახურება გახლდათ, რომელმაც ბურთი რამდენჯერმე ჩაუჭრა ქაზენსს და კარგი დაცვით მას მაქსიმალურად შეუზღუდა ქულების და მოხსნების მოპოვების შესაძლებლობა. მართალია, საბოლოოდ საკრამენტოელმა გოლიათმა ზაზაზე 3-ით მეტი მოხსნა მიითვალა, მაგრამ ფაჩულიას დომინაცია ამ კომპონენტში თვალსაჩინო იყო: ერთი, რომ საკრამენტოელმა ზაზაზე 5 წუთით მეტი ითამაშა, თუმცა ქართველმა ცენტრმა მეტოქის ფარზე 5 ბურთი მოხსნა, დემარკუს ქაზენსმა კი – ვერც ერთი.
„საკრამენტოს“ მთავარმა ლიდერმა შეხვედრა 17 ქულით დარულა, რაც მის საშუალო მონაგარზე ბარე 12 ქულით ნაკლებია. აფროამერიკელმა ცენტრმა ქართველ ვიზავიზე გაცილებით ცუდი შედეგიანობით ესროლა. ზაზამ თამაშიდან შესრულებული 5 სროლიდან 4 ჩააგდო, ქაზენსმა კი 11-დან 4.
კიდევ არაერთი მაგალითის მოყვანა შეიძლება, რითაც ფაჩულიას უპირატესობას დავინახავთ, თუმცა მთავარი ისაა, რომ ზაზას გუნდმა მოიგო, ხოლო ქართველი ცენტრი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ამერიკელებმა, რომელთაც მსოფლიოში ყველაზე კარგად ესმით კალათბურთი, საუკეთესოდ არა 30 ქულის მიმთვლელი სტეფ კარი, ანაც 28 ქულის მომგროვებელი კევინ დიურანტი დაასახელეს, არამედ საუკეთესოობა 10 ქულისა და 7 მოხსნის გამჩარხველ ფაჩულიას არგუნეს, რომელმაც მეტოქის მთავარი ლიდერი გააჩერა და წყობილებიდან გამოიყვანა, რის შემდეგაც მასპინძელთა გუნდის დამრცხება სირთულეს აღარ წარმოადგენდა და ასეც მოხდა: „გოლდენ სტეიტმა“ 117:106 მოიგო და ლიგაში ლიდერობა 38-დან მოგებული 32 მატჩით განიმტკიცა.
რაც შეეხება ფაჩულიას სრულ სტატისტიკას, ის შემდეგნაირად გამოიყურაება: 22 წუთი, 10 ქულა, 7 მოხსნა (5 შეტევაში), 3 ჩაჭრა, 2 პასი. ზაზამ 5-დან 4 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 2017 წელს ზაზამ 4 მატჩი ჩაატარა და ოთხივეში უწია 10-ქულიან ზღვარს. ფაჩულია დღეს ისეთივე პოპულარულია ნბა-ში, როგორც ლებრონი, დიურანტი, კარი ან ნებისმიერი სხვა სუპერვარსკვლავი. ამხელა ყურადღების ცენტრში მყოფი ქართველი ლეგიონერი ყოველ შეხვედრაში ამტკიცებს საკუთარ ძალას.
მორიგი გამოცდა ფაჩულიას და მის „გოლდენ სტეიტს“ 11 იანვარს, შინ „მაიამისთან“ ელით.
GBF.GE