ფაჩულიას 11 ქულა, 9 მოხსნა და “გოლდენ სტეიტის” მოგებით დაწყებული სერია “სან ანტონიოსთან”
ზაზა ფაჩულიამ „გოლდენ სტეიტის“ შემადგენლობაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მატჩი ითამაშა. ოკლენდური გუნდისთვის მიმდინარე სეზონის ყველაზე პრინციპულ, დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის პირველ მატჩში, ქართველმა ცენტრმა 11 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა, რითც დიდად დაეხმარა თავის გუნდს, რომელმაც 25-ქულიანი ჩამორჩენა გაუბათილა „სან ანტონიოს“ და საბოლოოდ 113:111 იმარჯვა.
ქართველი ცენტრი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და პლეი ოფის წინა მატჩებისგან განსხვავებით მოედანზე საკმაოდ ბევრი – 26 წუთი გაატარა. ზაზამ შეუცვლელად ითამაშა მე-3 მეოთხედი, როცა ოკლენდელებმა მატჩის გადასარჩენი რბოლა 25-ქულიანი ჩამორჩნიდან წამოიწყეს და ბოლო წამებზე წარმატებით დააგვირგვინეს.
ფაჩულიამ 6-დან 4 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო და 11 ქულას 9 მოხსნა (5 შეტევაში), 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება წაამატა.
ქართველმა ლეგიონერმა ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა დ 3 პერსონალური ფოლი მიიღო, ამასთან, მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში მასპინძლებმა სტუმრებზე 11 ქულით მეტი ჩააგდეს.
აღნიშნულზე უკეთესი მაჩვენებელი (+14) მხოლოდ კევინ დიურანტს ჰქონდა, რომელმაც 34 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი და 4 დაფარება მიითვალა. სტეფ კარის მონაგარი 40 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი და 3 ჩაჭრა გახლდათ. ამ ვარსკვლავების მერე, შედეგიანობის მხრივ სწორედ ზაზა მოდიოდა.
“სან ანტონიოს” მხრიდან საუკეთესო ლამარკუს ოლდრიჯი იყო, რომელმაც 28 ქულა, 8 მოხსნა, 3 პასი და 3 ჩაჭრა მოაგროვა, “გოლდენ სტეიტს” კი “ქამბექი” კავაი ლეონარდის ტრავმამ გაუადვილა.
“სპურზის” ერთერთ ლიდერს ფაჩულიასთან ორთაბრძოლისას ფეხი გადაუბრუნდა და მე-3 მეოთხედის მერე მოედანზე აღარ გამოჩენილა, არადა, იმ დროს აქტივში უკვე 26 ქულა, 8 მოხსნა, 3 პასი ჰქონდა. ზაზას უშუალო ოპონენტის – პაუ გასოლის ანგარიშზე 16 წუთში მხოლოდ 5 ქულა დაგროვდა. ესპანელმა ცენტრმა თავი უფრო პერსონალურებით გამოიჩინა და მთლიანობაში 5 ჯარიმა დაუგროვდა.
„გოლდენ სტეიტი“ სერიაში 1:0 დაწინაურდა და მომდევნო მატჩს ისევ შინ, 17 მაისს ჩაატარებს. ნბა-ს დიდ ფინალში ის გუნდი გავა, რომელიც 4 გამარჯვებას მოიპოვებს. აღმოსავლეთ კონფერენციაში ფინალშია „კლივლენდი“ და ელოდება ოპონენტს, რომელიც „ბოსტონისა“ და „ვაშინგტონის“ მე-7, გადამწყვეტ შეხვედრაში ამაღამ გამოვლინდება.
GBF.GE