გრეგ პოპოვიჩი ზაზას ეპიზოდზე: “ვის აინტერესებს, რა იყო მისი განზრახვა?”
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი ოფი კულმინაციას უახლოვდება. უკვე გაიმართა დასავლეთ კონფერენციის ფინალური ეტაპის პირველი მატჩი “გოლდენ სტეიტ ვორიორსსა” და “სან ანტონიო სპურსს” შორის, რომელიც “მებრძოლთა” ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა.
მატჩში გადამწყვეტი როლი მესამე მეოთხედში მომხდარმა ინციდენტმა ითამაშა, როდესაც ზაზა ფაჩულიამ კავაი ლეონარდს მძიმე ტრავმა მიაღებინა. მაშინ “ოქროს შტატის” ჩამორჩენა 23 ქულა შეადგენდა. კავაის გარეშე დარჩენილმა “სპურსმა” კი ეს 23 ქულა საკმაოდ მოკლე დროში გაატანა წყალს.
“რამდენად გარდამტეხი იყო ეს ეპიზოდი? კარგით რა, არ მინდა კრიტიკულად მივუდგე ამ საკითხს, მაგრამ ძალიან სულელური კითხვაა. ეს იგივეა, კარის რომ არ ეთამაშა.
ორი ნაბიჯით მიახლოება მეტოქესთან, რომელიც ჰაერში იმყოფება, მიღებული ნამდვილად არ არის. ეს არასპორტული საქციელია.
ასეთ რაღაცებს კალათბურთელები ერთმანეთს უმიზეზოდ არ უკეთებენ. გაიხსენეთ ის დრო, ზაზა “დალასში” რომ თამაშობდა, რამდენად უხეშად ეთამაშებოდა პეტი მილსს, როგორ დაუჭირა ხელი კავაი ლეონარდს, კინაღამ მოტეხა.
მსოფლიოს საუკეთესო კლუბს საკმაოდ კარგად ვეთამაშეთ, პლეი ოფებში ჩვენი პროგრესი ყველასათვის შესამჩნევი იყო. მესამე მეოთხედში 23-ქულიანი ჰანდიკაპი გვქონდა, შემდეგ კი ეს მოხდა. თქვენ კი მეკითხებით,რამდენად დიდი გავლენა ჰქონდა ამ ეპიზოდს?
ვის აინტერესებს, რა იყო მისი განზრახვა? მკვლელობაზე რამე გსმენიათ? ასეთივე შემთხვევა იყო ესეც. მოთამაშეები ერთმანეთს ასეთ რაღაცბს არ უკეთებენ, თუმცა ეს განსხვავებული ისტორიაა,” – აცხადებს “სპურსის” მთავარი მწვრთნელი, გრეგ პოპოვიჩი.