ფაჩულიამ ფინალური სერია 8 ქულით, 6 მოხსნით, 2 ჩაჭრით და გამარჯვებით დაიწყო (ვიდეო)
ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2017 წლის ფინალური სერია ისტორიულია საქართველოსთვის. სწორედ ამ წელს პირველად, ისტორიაში, პლანეტის უძლიერესი საკალათბურთო ლიგის ფინალში ქართველმა კალათბურთელმა იასპარეზა. ზაზა ფაჩულიამ დღეს ნბა-ს ფინალური სერიის პირველი მატჩი ჩაატარა და „გოლდენ სტეიტის“ გამარჯვებაში საკუთრი, საკმაოდ სოლიდური წილი დაიდო.
„გოლდენ სტეიტ უორიორსმა“ ფინალური სერია 23-ქულიანი გამარჯვებით გახსნა. კევინ დიურანტის, სტეფ კარის და დრეიმონდ გრინის უბადლო თამაშს ზაზა ფაჩულიას რიგიანი გარჯაც დაერთო და ოკლენდელებმა ისე სძლიეს ლებრონ ჯეიმსის, კაირი ირვინისა და კევინ ლავის „კლივლენდს“, რომ კითხვის ნიშნები არ დაუტოვებიათ – 113:90.
მატჩის ბედი, ფაქტობრივად, მესამე პერიოდში გადაწყდა, რომელშიც ქართველმა ცენტრმა 8 წუთი ითამაშა და 4 ქულა, 3 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა. „გოლდენ სტეიტმა“ კი პერიოდი 33:20 მოიგო და დიდი შესვენებისთვის დაფიქსირებული 8-ქულიანი უპირატესობა 21-ამდე გაზარდა. ბოლო პერიოდი ფორმალობად იქცა: მაპინძლები იოლად მივიდნენ გამარჯვებამდე და ფინალურ სერიაში მათ მხარეს მყოფი მოედნის უპირატესობა შეინარჩუნეს.
„გოლდენ სტეიტის“ ლიდერებმა – კევინ დიურანტმა და სტეფ კარიმ ისე ითამაშეს, როგორც შეეფერებოდათ. დიურანტმა პირველ ტაიმში 23 ქულა ჩააგდო, შეხვედრა კი 38 ქულით, 8 მოხსნით და 8 პასით დაასრულა. სტეფ კარიმ ორმაგი დუბლი შეასრულა – 28 ქულა, 10 პასი, 6 მოხსნა და 3 ჩაჭრა. დრეიმონდ გრინს ორმაგამდე მცირედი დააკლდა – 9 ქულა, 11 მოხსნა. სწორედ ამ მოთამაშეების შემდეგ პროდუქტულობით ზაზა ფაჩულია მოდის, რომელმაც შეხვედრა „გოლდენ სტეიტის“ სნაიპერზე – კლეი ტომპსონზე (6 ქულა, 4 პასი) შედეგიანად დაასრულა. ზაზამ მოედანზე გატარებულ 14 წუთში 8 ქულა, 6 მოხსნა და 2 ჩაჭრა ისე მოაგროვა, ბურთი არ დაუკარგავს. ფაჩულიამ 5-დან 4 ორქულიანი ჩააგდო, 1 საჯარიმო კი, რომელიც მის კურიოზულ ორქულიანს ჩაროზად მოჰყვა, ააცილა.
რაც შეეხებათ მოქმედ ჩემპიონ კლივლენდელებს, მათ ძალიან ცუდად ითამაშეს. ოკლენდელთა დაცვამ სტუმრებს ბურთი 20-ჯერ დააკარგვინა. „გოლდენ სტეიტის“ კალათბურთელებმა კი ბურთი მთლიანობაში მხოლოდ 4-ჯერ დაკარგეს. ლებრონ ჯეიმსმა 40 წუთში 28 ქულა, 15 მოხსნა და 8 პასი მიითვალა, თუმცა ბურთი 8-ჯერ დაკარგა. 25 ქულა ჰქონდა კაირი ირვინს, კევინ ლავმა კი 15 ქულა, 21 მოხსნა და 3 დაფარება მოაგროვა.
„გოლდენ სტეიტი“ 1:0 დაწინაურდა, ფინალური სერია კი 4 გამარჯვებამდე გრძელდება. მორიგი მატჩი კვლავ ოკლენდში – ჩვენი დროით 5 ივნისს, დილის 4 საათზე დაიწყება.
GBF.GE