საქართველოს ეროვნული ნაკრები უკრაინასთან დამარცხდა
ევრობასკეტის ხმაურიანი გამარჯვების შემდეგ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა წარუმატებლად გააგრძელა ასპარეზობა და გერმანიასთან მარცხის შემდეგ დღეს უკრაინასთანაც წააგო. ილიას ზუროსის გუნდმა ვერაფერი გააწყო გამართულად მოთამაშე სლავების წინააღმდეგ და მათთან მარცხის შემდეგ ჯგუფიდან გასვლის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დაიყენა.
უკრაინელებმა თავიდანვე მძლავრად დაიწყეს. სწრაფ თამაშს სლავები შორ სროლებსაც შედეგიანად უხამებდნენ. გარდა იმისა, რომ წარმატებით ისროდნენ, უკრაინელები ფარქვეშაც შედეგიანად ირჯებოდნენ – ბურთებსაც ხსნიდნენ და სამწამიანი ზონიდანაც აგდენდნენ. პირველ ტიმში უკრაინელებმა ჩვენზე რვით მეტი – 20 მოხსნა მიითვალეს.
სლავები ჯერ 8:0 იგებდნენ, შემდეგ 12:2, თუმცა გიორგი შერმადინის მოედანზე გამოსვლამ და ქართველების დაცვაში თამაშის გამოსწორებამ საწყისი პერიოდის ბოლოს ლიდერობა მოგვიტანა. შერმადინის ეგრედ წოდებული „AND ONE”-ის შემდეგ საქართველო 20:19 დაწინაურდა. უკრაინელებმა ბოლო წამებზე ორქულიანი მიითვალეს და პირველი პერიოდი ქულით მოიგეს.
მეორე მეოთხედში ქართველებს არაფერი გამოუვიდათ. უკრაინელებმა კი თითქმის ყველა პოზიციიდან იხეირეს – იქნებოდა ეს შორი, ახლო თუ საშუალო სროლები. ამასთან, სამწამიანში სლავებმა გაილაღეს და ეგრედ წოდებული „ალე უპით“ არაერთი ეფექტური გდება განახორციელეს. პირველი ნახევრის ყველაზე დიდი სხვაობა მისი დასრულების ბოლო წამზე დაფიქსირდა, როცა ალექსანდრ კოლჩენკომ სირენის თანხლებით ჩააგდო და უკრაინელები 51:38 დააწინაურა.
მესამე პერიოდი ქართველებმა ტრადიციულად კარგად ჩაატარეს და მეტოქეს 9 ქულა გაუბათილეს. ეს კარგი დაცვის ხარჯზე მოხდა, რისი წარმატებით თამაშიც უროსის გუნდმა ბოლო პერიოდში ვეღარ გააგრძელა, რასაც შეცდომებიც დაერთო და უკრაინელები ისე მივიდნენ გამარჯვებამდე, პრობლემა არ შექმნიათ – 88:81.
საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 5 სექტემბერს, მასპინძელ ისრაელთან გამართავს. ეს მატჩი ორვე გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება. შეხვედრა თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.
საქართველო – უკრაინა 81:88 (სტატისტიკა)
GBF.GE