“ფენერბაჰჩეს” კალათბურთელები შენგელიას წინააღმდეგ – “ახლა ჩვენი დროა!”
26 აპრილს, საკალათბურთო ევროლიგის მეოთხედფინალური სერიის მე-4 მატჩში თორნიკე შენგელიას “ბასკონია” საკუთარ კედლებში მოქმედ ჩემპიონ “ფენერბაჰჩესთან” 83:92 დამარცხდა და სერია საერთო ანგარიშით – 1:3 დათმო.
თამაშის დასრულების შემდეგ კალათბურთელებს შორის მცირე ინციდენტი მოხდა. მესამე მატჩის ერთ-ერთ ეპიზოდში, შენგელიამ ბურთი კალათში ჩატენა, რის შემდეგაც თურქული გუნდის სათადარიგოთა სკამს მიუბრუნდა და საათის ნიშანი უჩვენა – “ახლა ჩვენი დროა”. აღნიშნული შეხვედრა “ბასკონიას” გამარჯვებით დასრულდა. მას შემდეგ, რაც “ფენერბაჰჩემ” ესპანური გუნდი მეოთხე მატჩში დაამარცხა, კალათბურთელება შენგელიასთვის სამაგიეროს გადახდა გადაწყვიტეს. კალინიჩმა ქართველ მოთმაშეს საათის ნიშანი უჩვენა: “ახლა ვისი დროა? ჩვენ ბელგრადში მივდივართ.” ამას პარკეტზე მცირე გაწევ-გამოწევაც მოჰყვა.
beIN SPORTS-ის ჟურნალისტი, ისმაილ შენოლი სოციალურ ქსელში წერს, რომ შეხვედრის დასრულების შემდეგ, რესტორანში შენგელია და კალინიჩი ერთმანეთს გადაეხვივნენ.
“მატჩის შემდეგ, “ბასკონიასა” და “ფენერბაჰჩეს” კალათბურთელები რესტორანში ერთად იყვნენ. შენგელიამ კალინიჩს მიმართა: “თქვენ მომდევნო ეტაპზე გასვლა დაიმსახურეთ. იმედი მაქვს, ჩემპიონები გახდებით.” ამის შემდეგ შენგელია და კალინიჩი ერთმანეთს გადაეხვივნენ, სხვა კალათბურთელებმა კი მათ ტაში დაუკრეს”, – წერს შენოლი Twitter-ში.