ქუთაისმა რუსთავს ნახევარფინალური სერია გაუთანაბრა
“ქუთაისი 2010”-მა რუსთავში 74:63 იმარჯვა და ნახევარფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა – 2:2. გადამწყვეტი, მე-5 მატჩი 20 მაისს, ქუთაისში გაიმართება და გამარჯვებული გუნდი სუპერლიგის ფინალში გავა.
ეს გახლავთ ზედაპირული ინფორმაცია, ხოლო დღევანდელ მატჩში მომხდარი დეტალები მეტად დამაფიქრებელია. “რუსთავისა” და “ქუთაისის” მატჩი 19:00 საათზე რომ დაიწყო, თითქმის 22:00 საათამდე გაგრძელდა. ცხადია, 3 საათი არ თამაშობდნენ, თუმცა დროის გახანგრძლივების მიზეზი მეორე პერიოდის მიწურულს მატჩის 40 წუთით შეწყვეტა გახლდათ.
ერთ-ერთ ეპიზოდში, როცა “ქუთაისი” 15 ქულით იგებდა და პირველი ნახევარის დასრულებამდე სამიოდ წუთი რჩებოდა, იმერული კლუბის მწვრთნელი, კოტე ტუღუში არბიტრმა დავით ბერეკაშვილმა პროტესტის გამო ტექნიკურით რომ დააჯარიმა. დარბაზის დაცვის თანამშრომელმა ჩათვალა, რომ მსაჯსა და მწვრთნელს შორის კონფლიქტი იწყებოდა და ვითარების განსამუხტავად ტუღუშთან მიიჭრა, რომელსაც ბექა წივწივაძე გამოესარჩლა და შეიქმნა კონფლიქტური სიტუაცია.
აქ კი ვითარება უმართავი გახდა – ტრიბუნებიდან პოლიეთილენის ბოთლები და სხვადასხვა საგნების სროლა დაიწყეს, მაყურებელთა ეგზალტირებული ნაწილი კი მოედანზე გადმოვიდა. მსაჯებმა თამაში შეწყვიტეს და მატჩიც ჩაიშლებოდა, რომ არ ორგანიზატორთა და რუსთავის მერის გონივრული გადაწყვეტილება. შეხვედრა რომ გაგრძელდა, უმეტესწილად რუსთაველთა მერის – ირაკლი ტაბაღუას დამსახურებაა, რომელიც მატჩს ესწრებოდა და ვითარების დაძაბვისთანავე მის განსამუხტავად ყველაფერი იღონა.
შეთანხმების საფუძველზე, თამაშის ცარიელი ტრიბუნების წინაშე გაგრძელება გადაწყდა. დარბაზი მაყურებლებმა დატოვეს და გვარიანი პაუზის შემდეგ მატჩი განახლდა. რუსთაველები 15 ქულას კი აგებდნენ, თუმცა მესამე პერიოდში ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირეს, მაგრამ მასპინძლებს არ გაუმართლათ. რევაზ ჩაჩანიძემ, ტაირელ ნელსონმა და გიორგი ცეკვავამ პერსონალურების ლიმიტის გამო მოედანი დატოვეს და ქვემოქართლელებიც უშანსოდ დარჩნენ.
საბოლოოდ ქუთაისელებმა მოგება გაიფორმეს და სასიცოცხლოდ საჭირო გამარჯვებას მიაღწიეს. იმერულ კლუბს დეჟუან რაიტმა (23 ქულა, 7 მოხსნა, 5 პასი) და აკაკი დვალიშვილმა (21 ქულა, 10 მოხსნა) ულიდერეს. რუსთაველთაგან 20 ქულით გოგა ცეკვავა გამოირჩა. 12 ქულა მიითვალა ადამ ბლეიზეკმა.
ნახევარფინალური სერიის მე-5, გადამწყვეტი შეხვედრა ქუთაისში, 20 მაისს, 18:30 საათზე გაიმართება.
რუსთავი – ქუთაისი
სტატისტიკა: 63:74
სერიაში ანგარიში თანაბარია – 2:2
GBF.GE