საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა თამაშზე საცობის გამო დააგვიანა
ბუენოს აირესში მიმდინარე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა უცნაური სტარტი აიღო. სამი სამზე კალათბურთში ქართველები დღეს ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში სლოვენიის ნაკრებს უნდა დაპირისპირებოდნენ, მაგრამ თამაშზე მისვლა დააგვიანეს და წაგებად ჩაეთვალათ. ინფორმაცია “რადიო თავისუფლებამ” გაავრცელა.
წინასწარი ინფორმაციით, დარბაზში მიმავალი კალათბურთელები საცობში გაიჭედნენ და მხოლოდ მეორე თამაშს მიუსწრეს, რომელშიც იორდანიის ნაკრები დაამარცხეს – 21:4.
სამი სამზე კალათბურთში ოლიმპიადაზე სულ 20 ქვეყნის ნაკრები გამოდის. ისინი ოთხ ხუთგუნდიან ჯგუფში გადანაწილდნენ. თამაშები წრიული სისტემით გაიმართება და ჯგუფების ორ-ორი საუკეთესო მეოთხედფინალის საგზურს მოიპოვებს. საქართველოს ჯგუფში სლოვენიისა და იორდანიის გარდა არიან ჩინეთისა და თურქმენეთის ნაკრებები, რომლებთანაც თამაშები 13 ოქტომბერს გაიმართება.
კალათბურთელების სლოვენიასთან თამაშზე დაგვიანების თაობაზე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ოფიციალურ განცხადებას, სავარაუდოდ, ხვალ გაავრცელებს.