შენგელია: “იმედი მაქვს, ჩემი ქვენისა და ხალხის დამოკიდებულება ჩემ მიმართ არ შეიცვლება”
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “ბასკონიას” კალათბურთელმა, თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა-ში შესაძლო ტრანსფერზე ტელეკომპანია იმედთან ინტერვიუში ისაუბრა.
თორნიკე ამბობს, რომ ჯერ გადაწყვეტილი არაფერია, თუმცა ტრანსფერის შემთხვევაში მის მხრიდან საქართველოს მიმართ დამოკიდებულება არ შეიცვლება.
“ოფიციალურად არაფერია გადაწყვეტილი, ხელი არაფერზე მომიწერია. უბრალოდ, ეს ყველაფერი ინტერესის დონეზე იყო ცსკა-დან. მე მათ ვთხოვე, რომ ეს პერიოდი მჭირდებოდა იმისათვის, რათა მობილიზებული ვყოფილიყავი მთლიანად ამ ტურნირზე. რამოდენიმე დღეში გადაწყდება, თუ რა მოხდება. მოლაპარაკებას ჩემი აგენტი აწარმოებს. რამდენიმე წლის წინ მქონდა მადრიდის “რეალიდან” შემოთავაზება, თუმცა წელს არაფერი ყოფილა. იყო ინტერესი მილანიდანაც, მაგრამ მალევე გვითხრეს, რომ არა… ერთადერთი სერიოზული დაინტერესება ცსკა-დან იყო. ჯერ არ ვიცი, რამდენი დრო დასჭირდება გადაწყვეტილების მიღებას.
ცსკა-ში გადასვლით ან არგადასვლით ჩემი დამოკიდებულება ჩემ ქვეყანასა და ჩემ ხალხზე ერთი წამითაც არ იცვლება. და, მეც იმედი მაქვს, რომ ჩემი ქვეყნისა და ჩემი ხალხის დამოკიდებულება ჩემ მიმართ არ შეიცვლება. ჩემ პატრიოტიზმზე და ჩემი სამშობლოს მიმართ სიყვარულზე ახსნა-განმარტებები რომ დავიწყო, ცოტა უცნაურად მეჩვენება, სიმართლე გითხრათ”, – განაცხადა შენგელიამ.