თორნიკე შენგელია: “რუსეთში ისეთივე კეთილი ადამიანები ცხოვრობენ, როგორიც საქართველოში”
მოსკოვის ცსკა-ს ახალწვეულმა, თორნიკე შენგელიამ ინტერვიუ მისცა News.ru-ს. ჟურნალისტმა ქართველ კალათბურთელს შეკიხვები მოსკოვურ კლუბში ტრანსფერზე, ქართველი ფანების რეაქციასა და რუსი ადამიანების შესახებ დაუსვა.
– როცა ესპანელებმა გაიგეს, რომ მოსკოვში გადადიოდით, სცადეს თუ არა მათ თქვენი დარწმუნება, რომ კლუბში დარჩენილიყავით?
– რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ. მათ ჩემი გადაწყვეტილება სწორად მიიღეს და წარმატებები მისურვეს. თუმცა, ერთმანეთს არ დავემშვიდობეთ, რადგან მალე ისევ შევხვდებით.
– ცსკა-ს შემოთავაზებაზე დიდხანს ფიქრობდით?
– არც ისე, დაახლოებით, ერთი კვირა. შეიძლება, უფრო ცოტა დროც კი დამჭირდა იმისათვის, რომ თანხმობა მეთქვა.
– რატომ ცსკა?
– ცსკა ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი კლუბია. უკვე ვთქვი და მზად ვარ, გავიმეორო: მიხარია, რომ ევროლიგის მოქმედი ჩემპიონის წევრი ვარ.
– ბევრი ამბობს, რომ თქვენი ცსკა-ში ტრანსფერის შემდეგ, VTB ლიგასა და ევროლიგაში მეტოქეები უშანსოდ რჩებიან. ეთანხმებით?
– არ აქვს მნიშვნელობა, რას წერენ და ამბობენ. დიახ, ამ მომენტისათვის ცსკა მოქმედი ჩემპიონია და შევეცდებით, კვლავაც გავიმარჯვოთ. ჩვენი მიზანია, რომ გამარჯვებები გავაგრძელოთ.
– როგორ მიგიღეს თანაგუნდელებმა?
– ძალიან თბილად. დიდებული გუნდი საოცარი მოთამაშეებით. დარან ჰილიარდთან და იოჰანეს ფოიგტმანთან ერთად ადრეც მითამაშია.
– ელოდით, რომ მოსკოველი ფანები თბილად შეგხვდებოდნენ?
– დიახ. ცოტა ხნის წინ ფანებთან შეხვედრა გვქონდა, გასაოცარი ხალხია! ასევე, როცა ჩემი ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა, წავიკითხე მათი კომენტარები, იყო ბევრი მოლოცვა. მიხარია, რომ ცსკა-ს ფანები მხარს მიჭერენ.
– რასაც ვერ ვიტყვით ქართველ ფანებზე. გაკვირვებული ვიყავი არა მხოლოდ ქართველი ფანების რეაქციით, ასევე ქვეყნის პრეზიდენტის გამოხმაურებითაც. თქვენ სამშობლოში მოღალატეც კი გიწოდეს. წაიკითხეთ თუ არა ის, რასაც თქვენი ტრანსფერის შესახებ წერდნენ?
– დიახ, რა თქმა უნდა. პირველ რიგში, დავმშვიდდი და ქართველ ფანებს ყველაფერი დიდი ხნის წინ ავუხსენი. მეორეც, მედიაში გაკეთებულ უარყოფით კომენტარებს ყურადღება არ მივაქციე. რაც მთავარია, ჩემმა ოჯახმა და იმ ადამიანებმა, რომლებსაც ვუყვარვარ და მიცნობენ, ჩემ მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს. მგონია, რომ დროთა განმავლობაში ყველაფერი დალაგდება.
– როგორ მოგწონთ მოსკოვი როგორც აქ მცხოვრებს და არა როგორც ტურისტს? გქონდათ დრო სასეირნოდ?
– სიმართლე გითხრათ, ძალიან მომეწონა. როცა მოსკოვში ჩამოვედი, ამინდში გამიმართლა. რამდენიმე ადგილი მოვინახულე და ქალაქში გავისეირნე. ძალიან მაგარია.
– სიმართლე გითხრათ, თბილისისა და ბათუმის მონახულების შემდეგ, მოსკოვში დაბრუნება არ მინდოდა. მოსკოვში ადამიანები ძალიან სერიოზულები არიან. არ ფიქრობთ, რომ ასეა?
– არა. რუსეთში ისეთივე კეთილი ადამიანები ცხოვრობენ, როგორიც საქართველოში. რაც უფრო მეტად ვეცნობი რუსებს, უფრო მეტად ვრწმუნები, რომ მომავალში ყველაფერი უკეთესად იქნება. რუსი ხალხი მაგარია.