თორნიკე შენგელია: “ეს გამარჯვება იყო საქართველოსთვის”
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, თორნიკე შენგელიამ შვეიცარიასთან გამარჯვების (91:84) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
“ძალიან რთული თამაში იყო. ვიცოდით, რომ რთული მეტოქე გვყავდა, ეს მათ საქართველოში თამაშისას დაამტკიცეს. წინ ბევრი ქულითაც რომ გავსულიყავით, არ უნდა მოვდუნებულიყავით. ჩვენმა გუნდმა კარგად იმუშავა. ასევე, მწვრთნელებმა საოცარი სამუშაო გასწიეს, მათ კარგი ტაქტიკა შემოგვთავაზეს დაცვაშიც და შეტევაშიც. ყველამ იცის, რომ ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე უკვე გასულები ვართ, მაგრამ როგორც მწვრთნელმა თქვა, ჩვენ საკუთარ თავებთან და სხვა გუნდებთან უნდა ვყოფილიყავით მართლები. ეს გამარჯვება შეიძლება არ იყო იმისათვის, რომ ევროპის ჩემპიონატზე ადგილი მოგვეპოვებინა, მაგრამ ეს გამარჯვება იყო საქართვლოსთვის, ჩვენი ქვეყნისთვისა და ხალხისთვის. საქართველო ძალიან რთულ პერიოდშია, აქედან გამომდინარე, ვიცი, რა მნიშვნელოვანია თითოეული პოზიტიური ნაპერწკალი ქართველი ხალხისთვის. მადლობა უფალს, რომ ეს თამაში მოვიგეთ მათთვის.
ისევ არ მინდა, რომ საკუთარ თავზე ვისაუბრო, ეს გუნდური თამაშია. ჩემსა და შერმადინის წინააღმდეგ ორი ან სამი მეტოქე თამაშობდა. ჭკვიანურად ვითამაშეთ, ბურთი გარეთ გამოგვქონდა და თანაგუნდელები ქულების მოპოვებას ახერხებდნენ. მადლობა უნდა ვუთხრათ გუნდის ყველა წევრს, ახალგაზრდებს და ახალწვეულებს, რომლებმაც ისე ითამაშეს, თითქოს ნაკრებში დიდი ხანია არიან. ვთამაშობთ ისე, როგორც ერთი დიდი ოჯახი. ძალიან ვამაყობ ჩემი ბიჭებით, მწვრთნელებით, ექიმებით, ყველა იმ ადამიანით, ვინც დღეს აქ არის. ყოველთვის სასიამოვნოა და ამაყი ვარ, როცა საქართველოს ნაკრებში ჩამოვდივარ”, – განაცხადა შენგელიამ.