“ა” ლიგიდან სუპერლიგაში გადასასვლელი მატჩების კენჭისყრა გაიმართა
„ა“ ლიგიდან სუპერლიგაში გადასასვლელი მატჩებში სტუმარ-მასპინძელის გასარკვევად კენჭისყრა ჩატარდა. „ა“ ლიგის საუკეთესო 2 კლუბის – „არენასა“ და „წყალტუბოსთან“ ერთად სპორტის სასახლის საპრესკონფერენციო დარბაზში სუპერლიგის ბოლო 2 ადგილის მფლობელი გუნდების წარმომადგენლებიც მივიდნენ.
სანამ კენჭისყრის შედეგებს გეტყოდეთ, აღვნიშნავთ, რომ გადასასვლელ წყვილებში ერთმანეთს შეხვდებიან „არენა“ – „ოლიმპი“ და „სოხუმი“ – „წყალტუბო“. ამ წყვილებში გამარჯვებულები მომავალ სეზონში სუპერლიგაში იასპარეზებენ. სერიაში გამარჯვებული 2 მატჩის შედეგად გამოვლინდება. სერიის პირველ, ან მეორე შეხვედრაში შესაძლებელია თამაშის ფრედ დასრულება. ანგარიშში 2 მატჩის შედეგად დაფიქსირებული შედეგი მიიღება.
კენჭისყრის შედეგად, სერიის პირველ მატჩებს „წყალტუბო“ და „არენა“ უმასპინძლებენ. არენელები, გუნდ „ოლიმპის“ მსგავსად საშინაო მატჩებს სპორტკომპლექს „არენაში“ უმასპინძლებენ. წყალტუბო მშობლიურ ქალაქში ითამაშებს, „სოხუმი“ კი საშინაო მატჩს სავარაუდოდ საკალათბურთო აკადემიაში უმასპინძლებს.
მატჩები 28 და 30 მაისს გაიმართება.