“ა” ლიგის შესარჩევი: “არენა 76”-მა თსუ-ს მოუგო და ჯგუფში პირველობა გაინაღდა
„ა“ ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირის ჯგუფური ეტაპი დასასრულს უახლოვდება. „ა“ ჯგუფში თამაშები დასრულდა და გაირკვა იმ 2 გუნდის ვინაობა, რომელებმაც მეოთხედფინალის საგზურები მოიპოვეს. უფრო სწორად, მანამდეც ცნობილი იყო, რომ „ა“ ჯგუფიდან პლეი ოფში „არენა 76“ და თსუ გავიდოდნენ, თუმცა დღეს ამ გუნდების პაექრობამ ჯგუფის გამარჯვებული და შესაბამისად, მეორე ადგილის მფლობელი გამოავლინა.
მაშ ასე, „არენა 76“-მა 93:90 დაამარცხა თსუ და „ა“ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. ზურა ტომარაძის გაწვრთნილმა გუნდმა პლეი ოფის ბადეში ის პრივილიგირებული ადგილი დაიკავა, რომ მეოთხედფინალში პლეი ოფში გასასვლელი საკვალიფიკაციო მატჩებიდან გამოსულ გუნდს შეხვდება. თსუ კი მეოთხედფინალში „გ“ ჯგუფის გამარჯვებულს დაუპირისპირდება (იხილეთ პლეი ოფის ბადე).
„არენა 76“-ისა და თსუ-ს მატჩი საინტერესო გამოდგა. ტომარაძის გუნდი ნიადაგ ლიდერობდა, თუმცა ნუგზარ ჭეიშვილის თსუ არ რჩებოდა და მეტოქესთან სულ ისეთ სიახლოვეს იმყოფებოდა, რომ წარმატების შანსს არ კარგავდა. არენელებს უკანა ხაზი სწყალობდათ, სადაც ამერიკელ ჯერემი ბაინამთან ერთად გიორგი ტეტელაშვილიც გამოირჩეოდა. ფარქვეშ ზუკა მაჩალაძე გამაგრებულიყო და „არენას“ დიდ დახმარებას უწევდა.
დღეს გამართულ მეორე მატჩში „წყალტუბომ“ საკმაოდ იოლად – 85:60 დაამარცხა ABT და „ბ“ ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავა. ამით წყალტუბოელებმა მეოთხედფინალში გასვლის შანსი შეინარჩუნეს. იმერული კლუბი პლეი ოფში გასასვლელად საუკეთესო მეოთხეადგილოსანს შეხვდება, რომელიც 21 თებერვალს გასამართი „მარნეული“-„კრისტალის“ მატჩში წაგებული გუნდი იქნება. ABT საუკეთესო მეოთხეადგილანი ვერ გახდება, რადგან „არენა 76“-თან ჯგუფის მატჩში ტექნიკური, 0-ქულიანი წაგება აქვს განცდილი.
ჯგუფური ეტაპის დასრულებას 3 მატჩი აკლია და ეს შეხვედრები შაბათს, 21 თებერვალს, საკალათბურთო აკადემიაში გაიმართება.
ა ლიგა. შესარჩევი ტურნირი. საკალათბურთო აკადემია. 19 თებერვალი
წყალტუბო 85:60 ABT
27:6, 19:18, 23:9, 16:27
წყალტუბო: კუჭავა (30), რიხლიუკი (21 ქულა, 14 მოხსნა), ფაიქრიძე (15 ქულა, 9 მოხსნა), კანდელაკი (11 ქულა, 11 მოხსნა)
ABT: ნ. ბაქრაძე (15), იაკობიძე (11)
თსუ 90:93 არენა-76
21:28, 21:20, 22:17, 26:28
თსუ: ფანჩულიძე (23), გაფრინდაშვილი (16), ბეშქენაძე (10)
არენა: ბაინამი (26), მაჩალაძე (19 ქულა, 22 მოხსნა), ტეტელაშვილი (14), კოსენკოვი (13)