„აკადემიამ“ „ოლიმპთან“ დრამატულ მატჩში 9-ქულიანი უპირატესობა გაანიავა
დღეს, „ახალ სპორტის სასახლეში“, საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მე-15 ტურის გამოტოვებული მატჩი შედგა, რომელშიც ერთმენეთს ბოლოადგილოსანი „აკადემია“ და აქამდე ბოლოსწინა ადგილზე მყოფი „ოლიმპი“ შეხვდნენ.
შეხვედრა ინტერესს არაერთი მიზეზის გამო იწვევდა. პირველ რიგში, საინტერესო იყო, მოახერხებდა თუ არა „ოლიმპი“ ახალი თავკაცის ლეონიდ ივატინის თავკაცობით პირველი მატჩის მოგებას. სათქმელია, რომ „აკადემიელებმა“ სამი მოგებული მატჩიდან ერთ-ერთი სწორედ „ოლიმპთან“ ჩაატარეს. გელა წულაძის გუნდმა ორი ლეგიონერი – ჩარლს სთროუბრიჯი და კრის ფელჩერი დაიმატა, რომელთაც „ქუთაისთან“ გასვლით გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანეს. ასევე „აკადემიას“ სამწვრთნელო შტაბში მუშაობა გია კაზანჯიანმა დაიწყო, რომელიც ცოტა ხნის წინ სწორედ „ოლიმპის“ თავკაცის პოსტიდან გაათავისუფლეს.
მატჩმა თავისი დაძაბულობით გულშემატკვიართა მოლოდინი ნამდვილად გაამართლა. „ოლიმპმა“ თამაში აქტიურად დაიწყო და პირველივე სამქულიანი სროლა გამოიყენა. სათქმელია, რომ შეხვედრის სტარტზე ნახსენებმა ფელჩერმა „ოლიმპის“ კალათში ოთხი სასროლი ჯარიმა ვერ ჩააგდო. საბოლოოდ, პირველი მეთხედი „ოლიმპის“ გამარჯვებით, 17:14 დასრულდა.
მეორე ათწუთიანი პერიოდი თანაბარი გამოდგა და 13:13 დასრულდა, შესაბამისად, დიდი შესვენების წინ „ოლიმპი“ კვლავ სამი ქულით იგებდა. ამ მონაკვეთში „ოლიმპის“ მხრიდან 11 ქულით საუკეთესო ჯერემი ბაინუმი იყო, „აკადემიადან“ კი ამავე ქულების რაოდენობით სთროუბრიჯი გამოირჩა. სათქმელია, რომ მო ბრიგსს, რომელიც აქამდე შედეგიანობით არამხოლოდ თავის გუნდში, არამედ ზოგადად პირველობაში გამოირჩეოდა, დიდი შესვენების წინ მხოლოდ 2 ქულა ჰქონდა, რაც მან დარჩენილ ორ მეთხედში გამოასწორა. მესამე მეოთხედში „აკადემიას“ წარმატებულ თამაშში ბრიგსმა დიდი წვლილი შეიტანა – ბოლო მეთხედის წინ წულაძის გუნდი მეტოქეს 7 ქულით – 54:47 უგებდა.
ბოლო მეოთხედში, რომ არა კოკა ტომარაძის ტექნიკური ჯარიმა, რომლის წყალობით „ოლიმპმა“ 4 სასროლი ჯარიმის უფლება მოიპოვა, არავინ იცის, შეხვედრა როგორ დასრულდებოდა. საბოლოოდ, რევაზ როგავამ ოთხივე სასროლი ჯარიმა გამოიყენა, შემდეგივე შეტევაში კი „ოლიმპმა“ ანგარიშის გათანაბრება შეძლო (66:66). გადამწყვეტ წუთზე ივანიტინის კალათბურთელები დაწინაურდნენ, გატეხილმა „აკადემიამ“ ვერაფერი შეცვალა – ბოლო წამზე ბრიგსის ცენტრიდან ნასროლი არაზუსტი გამოდგა.
საბოლოოდ, „ოლიმპმა“ 76:74 გაიმარჯვა და სატურნირო ცხრილში „რუსთავს“ გადაუსწრო.
გამარჯვებულთა რიგებიდან ერთდროულად 18 ქულა სამმა კალათბურთელმა – ჯერემი ბაინუმმა, ლესლის სმიტმა და რევაზ როგავამ დააგროვეს. „აკადემიას“ რიგებიდან 21 ქულით სთროუბრიჯი გამოირჩა.
შეხვედრის დამთავრების შემდეგ ტექნიკურით დასჯილმა კოკა ტომარაძემ ხსენებული ეპიზოდი ერთ-ერთ მსაჯთან განიხილა, რაც უსიამოვნო შელაპარაკებითა და კალათბურთელის გასახდელში გაყვანით დასრულდა. გამორიცხული არ არის, ამის გამო ტომარაძემ დისკვალიფიკაცია მიიღოს.
„აკადემია“ – „ოლიმპი“ 74:76 (14:17, 13:13, 27:17, 20:29)