„აკადემიას“ მეორე მოგება „ბათუმთან“, „მგზავრებისა“ და „დინამოს“ დიდი სხვაობით მარცხი
პარასკევს „ქუთაისის სპორტის სასახლეში“ საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის მე-19 ტური „ქუთაისისა“ და „ოლიმპის“ მატჩით დაიწყო, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებით, 94:82 დასრულდა, რითიც კოტე ტუღუშის გუნდმა სამმატჩიანი წაგებების სერია შეწყვიტა. დღეს კი, თბილისის „ახალ სპორტის სასახლეში“ ტურის დარჩენილი სამი მატჩი შედგა.
პირველ შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს ბოლოადგილოსანი „აკადემია“ და ცხრილის ლიდერი „ბათუმი“ შეხვდნენ, გამარჯვება აუტსაიდერმა იზეიმა. ცხრილში გუნდთა მდგომარეობის მიუხედავად, ეს გასაკვირი არ უნდა იყოს, რადგან მეორე წრეში „აკადემიამ“ ბათუმელები გასვლაზე დაამარცხა.
არადა, სტუმრებმა თამაში აქტიურად დაიწყეს და პირველ მეოთხედის მიმდინარეობისას 15 ქულთაც იგებდნენ (6:19), თუმცა დიდი შესვენების წინ „აკადემიელებმა“ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს (38:39). მესამე მეოთხედის შემდეგ „ბათუმი“ 5 ქულით იგებდა (57:62), მაგრამ უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო, „აკადემიამ“ ბოლო მეოთხედში 8-ქულიანი ჰანდიკაპით გაიმარჯვა და, საბოლოოდ, მატჩი 4 ქულით მოიგო (77:74).
გამარჯვებულთა რიგებში ოც-ოცი ქულით სთროუბრიჯი და ტომარაძე გამოირჩნენ, „ბათუმიდან“ ქულების იგივე რაოდენობით აკაკი დვალიშვილი გამოირჩა, კრივცოვმა კი მასზე მხოლოდ ერთ ქულით ნაკლები დააგროვა.
„აკადემია“ – „ბათუმი“ 77:74 (13:22, 25:17, 19:23, 20:12)
„მგზავრებსა“ და „რუსთავს“ შორის ცენტრალურ მატჩში ინტრიგა თავიდანვე ნაკლები იყო – რუსთაველებმა შეხვედრა კარგად დაიწყეს და პირველი მეოთხედის შემდეგ 10 ქულით (12:22) იგებდნენ. მართალია, მეორე მეოთხედში „მგზავრებმა“ სხვაობა სამ ქულამდე შეამცირეს, თუმცა ბერიშვილის გუნდს მეტის გასაკეთებლად ძალები აღარ ეყო. მესამე და ბოლო მეოთხედებში „რუსთავმა“ მეტოქეს კოშმარი მოუწყო და 21-ქულიანი სხვაობით, 84:63 გაიმარჯვა.
„რუსთავიდან“ საუკეთესო 17 ქულით, 9 მოხსნითა და 4 პასით ლევან გამყრელიძე იყო, „მგზავრებიდან“ კი კენდალ უილიამსი გამორიჩა, რომელმაც 19 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.
„მგზავრები“ – „რუსთავი“ 63:84 (12:22, 16:9, 9:25, 26:28)
„ბათუმის“ მარცხი „დინამოსთვის“ პირველ ადგილზე გასვლის კარგი შანსი იყო, თუმცა ამისთვცის ხოშტარიას გუნდს „სოხუმისთვის“ უნდა მოეგო, რაც „დინამოელებმა“ დღეს ვერ შეძლეს. „მგზავრები“ – „რუსთავის“ მატჩის არ იყოს, აქაც ერთმა გუნდმა მეტოქეს საგრძნობი სხვაობით სძლია. თუმცა, „სოხუმელთა“ უპირატესობა ამ მატჩში მხოლოდ ბოლო მეოთხედში გამოიკვეთა – პირველი ათი წუთის შემდეგ კი ანგარიში თანაბარი იყო (18:18). დიდი შესვენების წინ „დინამო“ 2 ქულითაც დაწინაურდა, მაგრამ მესამე მეოთხედში „სოხუმი“ იგივე სხვაობით დაწინაურდა. ბოლო ათ წუთში კი ხოშტარიას გუნდს ვერაფერი გამოსდიოდა, სამაგიეროდ, კვარაცხელიას კალათბურთელები მომენტს მომენტზე იყენებდნენ და 24 ქულით გაიმარჯვეს (85:61).
საუკეთესო გამარჯვებულთა რიგებიდან 29 ქულით, 5 მოხსნითა და 4 პასით ფილიპ მილერი იყო, „დინამოდან“ კი, როგორც ხშირად, საუკეთესო გიორგი შარაბიძე იყო, რომელიც 19 ქულით, 8 მოხსნითა და 1 პასით გამოირჩა.
ამ გამარჯვებით „სოხუმმა“ ცხრილის ქვედა ნაწილს თავი დააღწია და ამჟამად 30 ქულით ოთხეულში დაბრუნდა. „დინამო“ 31 ქულით მეორეა.
„სოხუმი“ – „დინამო“ 85:61 (18:18, 20:22, 19:14, 28:7)