‘ახლა კორპუსში ცხოვრება დიდი გამოწვევაა’ – თორნიკე შენგელიამ მოსკოვში ცხოვრებაზე
მოსკოვის ცსკა-ს კალათბურთელმა, თორნიკე შენგელიამ ევროლიგის პოდკასტში კაილ ჰაინსთნ ვიტორიასა და მოსკოვს შორის განსხვავებებზე ისაუბრა.
როგორც იცით, ქართველი მძიმე ფორვარდი 2014-2020 წლებში ესპანური “ბასკონიას” ღირსებას იცავდა, რის შემდეგაც რუსულ კლუბში გადავიდა.
“ვიტორიაში ძალიან დიდი სახლი გვქონდა, სადაც სამ შვილთან ერთად ვცხოვრობდით. ახლა კორპუსის ბინაში მათი ცხოვრება, დიდი გამოწვევაა. ისინი ახლაც ისე იქცევიან, თითქოს დიდ სახლში ცხოვრობენ, მაგრამ ეს ისეთივე სახლი არ არის.
როცა ვსაუბრობ ამინდზე, ეს მხოლოდ სიცივეს არ ეხება, რადგან ზამთარში ვიტორიაშიც ძალიან ციოდა, თუმცა დღის სინათლეში განსხვავებაა. აქ დღის 3 ან 4 საათზე უკვე ბნელა. როცა ვარჯიშზე მიდიხარ, ისეთი შეგრძნება გეუფლება, რომ უკვე ღამეა. ახლა უფრო ადრე გვიწევს ბავშვების დაძინება.
მოსკოვში ახალი წლის, შობის პერიოდი საოცარია. ბევრი განათებაა. იმ ტერიტორიაზე, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ბევრი პარკია, სადაც ბავშვებს შუძლიათ გავიდნენ და გაერთონ. რესტორნებში, ვიტორიასთან დიდი განსხვავებაა. არასწორად არ გამიგოთ, ვიტორიაში ძალიან კარგად შეგიძლია იკვებო, მაგრამ იქ ისეთივე დიდი არჩევანი არ არის, როგორიც მოსკოვშია”, – თქვა შენგელიამ.