ანდორიდან დაბრუნებულ გოგონათა ნაკრებს გულშემატკივარი დახვდა (ფოტო)
საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა. ანდორაში, ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონის მომგებმა ნაკრებმა თბილისში საჩემპიონო თასთან ერთად არაერთი ინდივიდუალური პრიზი ჩამოიტანა. მედეა მხეიძის ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაცია რამდენიმე საათის წინ, სტამბოლის რეისით ჩამოფრინდა, რომლებსაც აეროპორტში უამრავი ადამიანი დახვდა.
ვალენტინ დერიუგინის, ნინო ყიფშიძისა და შოთა იაქაშვილის გაწვრთნილ გოგონათა ნაკრებს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე, ვეტერანი კალათბურთელი ნიკოლოზ დერიუგინი, ვეტერანი ქალი კალათბურთელები, მას-მედიის წარმომადგენლები, ნათესავები, ოჯახის ახლობლები და უბრალოდ, გულშემატკივრები დახვდნენ. აეროპორტში მოვიდა ქართველების ცნობილი სოხუმელი ქომაგი თენგიზ პაჭკორია. ისმოდა შეძახილები, შემთხვევით ამ მოვლენას შემსწრე მგზავრები და უცხოელი ტურისტებიც ჩერდებოდნენ და ევროპის ჩემპიონებს წარმატებას ულოცავდნენ. ნაკრების წევრებმა სიმღერა შემოსძახეს, რაც ძალიან ემოციური იყო და გულშემატკივართა გარკვეულ ნაწილს სიხარულის ცრემლები წასკდა.
საჩემპიონო თასთან ერთად უამრავი ადამიანი იღებდა სურათებს. გარდა ამ ტიტულისა, საქართველოს ნაკრების მოთამაშე, ნატალია ოთხმეზური ტურნირის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ვიქტორია გეგეშიძეს ერგო სამართლიანი თამაშის (FAIR PLAY) პრიზი, ხოლო ოთხმეზური და გვანცა ბოჭორიშვილი ჩემპიონატის სიმბოლურ ხუთეულში დაასახელეს.
ყველა ამ ტუტულთან ერთად საქართველოს ნაკრების წევრებმა უმთავრესი – B დივიზიონში ასპარეზობის საგზური მოიგეს.