არმიამ ბათუმი დაამარცხა
თბილისის სპორტის სასახლემ დღეს სუპერლიგის მორიგი ტურის ცენტრალურ თამაშს უმასპინძლა. ერთმანეთს მოწინავე ჯგუფში მყოფი “არმია” და “ბათუმი” დაუპირისპირდნენ. თამაში არმიელებმა კარგად დაიწყეს. თბილისელთა რიგებში პიველ წუთებში ბაბუნაშვილი და შარაბიძე გამოირჩეოდნენ. მაგრა, სტუმრებმა “არმიას” დიდი გაქცევის საშუალება არ მისცეს, რაც ძირითადად ქედუგინის დამსახურებაა. სხვათა შორის, ბათუმელთა ლეგიონერი 27 ქულით მატჩის საუკეთესო მექულე გახდა. ბათუმეთლებს თამაში რომ წაუვიდათ, კოტე ტუღუშს არ გამოეპარა და მწვრთნელმაც დროული წუთშესვენება აიღო, რომლის შემდეგ “არმიელები” 10 ქულით დაწინაურდნენ.
მეორე მეოთხედში თამაშის საერთო სურათი არ შეცვლილა. “არმია” მოპოვებული უპირატესობი გაზრდას ცდილობდა, მაგრამ ბათუმელები ბოლომდე იბრძოდნენ. გადამწყვეტი მომენტი, მეორე პერიოდის ბოლოს მოხდა. როდესაც “ბათუმის” სათადარიგო სკამმა ტექნიკური ჯარიმა მიიღო. ზღვისპირელებმა გადამეტებულად გააპროტესტეს მსაჯთა გადაწყვეტილებები, რაც შეხვედრის არბიტრებს არ გამოპარვიათ. ტექნიკურს ქედუგინის ტრავმაც დაემატა (მაგრამ ლეგიონერი მოგვიანებით მაინც დაუბრუნდა პარკეტს) და “არმიელებიც” დიდ შესვენებაზე 17-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ.
მესამე პერიოდში არმიამ მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნებაზე გააკეთა აქცენტი. თუმცა, სტუმებმა მაინც გაიბრძოლეს. “ბათუმმა” პრესინგს მიმართა და არმიელებმაც შეცდომებს უმატეს, მაგრამ ბერიშვილის დროულმა სამიანმა წერტილი დასვა ამ მატჩში. ბერიშვილს შარაბიძემაც მიბაძა და პერიმეტრიდან ზუსტად მოათავს ბურთი კალათში.
უკანასკნელი მეოთხედი სიტუაცია აღარ შეცვლილა და “არმიამ” მეტად პრინციპულ მატჩში ძალზედ მნიშნვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. საბოლოო ჯამში 93-65 მასპინძელთა სასარგებლოდ.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
კოტე ტუღუში(,,არმიის’’ მთავარი მწვრთნელი): როგორც წინასამატჩო პრესკონფერენციაზე აღვნიშნე, დღევანდელი დღისთვის მაქსიმალურად მომზადებულები ვიყავით. ბათუმს ძალიან კარგი გუნდი და შემადგენლობა ჰყავს, ამიტომ სიფრთხილით მივუდეგით, არც ერთი წუთით არ მოვდუნებულვართ. მესამე პერიოდში, როცა 14 ქულამდე დაიყვანეს სხვაობა, დროზე მოვასწარით მობილიზება, საჭირო ბურთები ჩავაგდეთ და საკმაოდ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოპოვეთ. წარმატებებს ვუსურვებ ,,ბათუმს’’ და ჩემს მეგობარს, ივანე მაისურაძეს მომავალში.
ივანე მაისურაძე(,,ბათუმის’’ მწვრთნელი, მოთამაშე): მივულოცავ ,,არმიას’’ გამარჯვებას, ნამდვილად შესანიშნავი თამაში აჩვენეს. ჩვენ კი, ვარჯიშებიდან გამომდინარე, უკეთესის მოლოდინი გვქონდა, თუმცა საპირისპირო თამაში ვაჩვენეთ. ცუდად ვიასპარეზეთ, ძალიან ბევრი ნიუანსი გამოჩნდა, რაც დასახვეწი გვაქვს. პირველ რიგში კი, ჩემი გუნდისგან ბრძოლისუნარიანობას მოვითხოვ.
მიხეილ ბერიშვილი(,,არმია’’): ამ თამაშისთვის სერიოზულად ვემზადებოდით და სასიხარულოა, რომ გავიმარჯვეთ. კარგი დაცვა ვითამაშეთ და ვფიქრობ, სწორედ ამის ხარჯზე მოვიგეთ.
ლევან ელიაძე(,,ბათუმი’’): ძალიან ცუდად ვითამაშეთ დაცვაშიც და შეტევაშიც. შევეცდებით, დღევანდელი შეცდომები მაქსიმალურად გამოვასწოროთ და მომდევნო შეხვედრებში წარმატებას მივაღწიოთ.