არმიამ ქუთაისს ბოლო წამზე სძლია
დაძაბული და სანახაობრივი მატჩით დაიწყო სუპერლიგის ნახევარფინალური სერია “არმიასა” და “ქუთაისს” შორის. მატჩის დებიუტში არმიელები დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ და მეტოქეს 7:0-ს უგებდნენ, თუმცა შემდეგ სტუმრებმაც მოახერხეს თამაშში ჩართვა.
მთელი შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა. უპირატესობას ხან ერთი, ხან მეორე გუნდი ეუფლებოდა. ასეთი თამაში ბოლო წუთამდე გაგრძელდა.
მატჩის დასრულებამდე 6 წამი რჩებოდა, ანგარიში კი საყაიმო, 72-72 იყო. ქუთათურებს ორი ჯარიმის აღების საშუალება ჰქონდათ, რაც გააკეთეს კიდეც, თუმცა “არმიას” კიდევ დარჩა შესატევი დრო და ფარზე ბრძოლის დროს გიორგი შარაბიძეზე დვალიშვილი დაჯარიმდა. შარაბიძემ 2-დან ერთი ჩააგდო. “ქუთაისელებს” 0.7 წამი დარჩათ, მაგრამ სასწაული არ მოხდა და “არმია” სერიაში დაწინაურდა.
ტუღუშის გუნდში გამორჩეული ზვიად ბაბიაშვილი იყო. არმიელთა ვეტერანმა 20 ქულას 10 მოხსნა დაუმატა და დიდი წვლილი შეიტანა საკუთარი გუნდის გამარჯვებაში. ბაბიაშვილის გარდა გამოირჩეოდნენ ფარღალავა და შარაბიძეც. სტუმართა მხრიდან აქტიურობდნენ ცეკვავა (20 ქულა) და ლომინაშვილი (18 ქულა). უჩვეულოდ პასიური იყო “ქუთაისის” აზერბაიჯანელი ლეგიონერი ზაურ ფაშაევი, რომელმაც ზუსტი სროლის განხორციელება ვერ შესძლო.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
კოტე ტუღუში(,,არმიის’’ მთავარი მწვრთნელი): წინასამატჩო პრესკონფერენციაზეც ვთქვი, რომ უაღრესად დაძაბული თამაში იქნებოდა. თანაბარი ძალის გუნდები ვართ და მთელი სეზონის განმავლობაში საინტერესო და დაძაბული ბრძოლები გვქონდა.სასიამოვნოა, რომ გავიმარჯვეთ და სერიაში დავწინაურდით, ვემზადებით ხვალინდელი მატჩისთვის, რომელიც კიდევ უფრო რთული იქნება, ძალიან დიდია ფიზიკური დატვირთვა და ეს სერიოზული ფაქტორი იქნება. ვეცდებით, ხვალინდელ მატჩშიც წარმატებას მივაღწიოთ და ქუთაისში მოედნის უპირატესობით წავიდეთ.
მედეა მხეიძე(,,ქუთაისის’’ მწვრთნელი): მივულოცავ ,,არმიას’’ გამარჯვებას. მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვითამაშეთ და ვიბრძოლეთ, ასეთ თამაშებში ბოლო წამებამდე არაფერია გარკვეული, ბოლოს კი მოგების შანსი გავუშვით ხელიდან. ძალიან საინტერესო და დაძაბული თამაში გამოვიდა. ვიმედოვნებ, ხვალ ის მოთამაშეები, რომლებმაც დღეს ნაკლებად გამოიჩინეს თავი, უკეთეს ფორმაში იქნებიან და კარგ შედეგს ვაჩვენებთ.
გიორგი შარაბიძე(,,არმია’’): დაძაბულ ბრძოლაში გავიმარჯვეთ, თუმცა ასეთი თამაშით შორს ვერ წავალთ. ვეცდებით, დღევანდელი ხარვეზები გამოვასწოროთ და ხვალ უკეთესი თამაში ვაჩვენოთ.
მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები