არმიამ რუსთავი ბოლო მეოხედში გატეხა
სუპერლიგის მეორე წრე რუსთავშიც დაიწყო. ადგილობრივმა გუნდმა მეორე ადგილზე მყოფ “არმიას” უმასპინძლა და მატჩის დიდი უმეტესობა უგებდა, თუმცა გამარჯვების მოსაპოვებლად ძალები არ ეყო და საბოლოოდ 58:68 დამარცხდა.
ამ გუნდების ბოლო შეხვედრა რუსთავში მასპინძლებმა 17 ქულით მოიგეს. “რუსთავი” რომ არმიელებისთვის უხერხული მეტოქეა, ეს დღევანდელმა მატჩმაც გამოაჩინა და ამაზე ილაპარაკა ნამატჩევს თბილისელთა მწვრთნელმა კოტე ტუღუშმაც. რუსთაველებმა თამაში სწრაფ ტემპში დაიწყეს და ლიდერობასაც დაეპატრონნენ, რომელსაც მესამე მეოთხედის ბოლომდე ინარჩუნებდნენ.
ფავორიტად მიჩნეულმა “არმიამ” მატჩში პირველად დაწინაურება თამაშის დასრულებამდე 6 წუთით ადრე მოახერხა, მანამდე კი მასპინძლები ხან 10-ზე მეტი ქულით ლიდერობდნენ, ხანაც მათი უპირატესობა მინიმუმამდე მცირდებოდა.
რუსთაველებს გამოაკლდათ ტანმაღალი სერგო ათუაშვილი, რომელიც კარიერას ტუნისში აგრძელებს. მის გარეშე ქვემოქართლური გუნდი უფრო მობილურია და სწრაფ შეტევებზეა ორიენტირებული. “არმიასაც” არ ჰყავდა გამოკვეთილი ცენტრი – გიორგი შარაბიძე ტრავმის გამო არ თამაშობდა, ორმხრივ სწრაფ თამაშში კი ბოლო მეოთხედამდე “რუსთავი” მძლავრობდა.
მატჩის ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტში რუსთაველებს არ გაუმართლათ, რაც ფიზიკური გადაღლილობის და ნაკლები გამოცდილების ბრალი იყო. არმიელებმა კი პირიქით – ბექა წივწივაძემ ზედიზედ 2 სამქულიანი ჩააგდო, რასაც თიმურაზ ბაბუნაშვილის ორიანი მოჰყვა და მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე “არმია” 57:51 დაწინაურდა.
დარჩნილ დროში რუსთაველები ეცადნენ, მაგრამ იმ ლიდერობის დაბრუნება, რასაც მთელი 3 მეოთხედი ფლობდნენ, ვეღარ მოახერხეს. საბოლოოდ კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა არმიელებმა 10 ქულის სხვაობით – 68:58 იმარჯვეს და სუპერლიგის ცხრილს სათავეში ჩაუდგნენ (ლიდერი დინამო ამ ტურში ისვენებდა).
მატჩისშემდგომი კომენტარები:
ბადრი კიკვიძე, “რუსთავის” მწვრთნელი:
კარგად ვითამაშეთ, მაგრამ გამარჯვებამდე იმის გამო ვერ მივედით, რომ გადავიღალეთ, თან გამოცდილებაც არ გვეყო. წინა მატჩისგან განსხვავებით გვაკლდა სერგო ათუაშვილი, ტრავმირებულია ზურა მაჭავარიანი. ასეთ ვითარებაში კიდე კარგად ითამაშეს ბიჭებმა. “არმია” მეორე ადგილზეა ჩვენზე გამოცდილი მოთამაშეები ჰყავს. ასეთი ძლიერი მეტოქის დასამარცხებად ძალები არ გვეყო.
კოტე ტუღუში,“არმიას“ მთავარი მწვრთნელი:
“რუსთავი” ჩვენი გუნდისთვის ტრადიციულად უხერხული მეტოქეა. განსაკუთრებით, რუსთავში თამაში გვიჭირს და ეს დღესაც თვალნათლად გამოჩნდა. მართალია, ტრავმების გამო გვაკლდნენ ანატოლი ბოისა, გიორგი შარაბიძე და ბუბა კვიმსაძე, მაგრამ ძირითადი ბირთვი მოედანზე იყო და თამაშის ბოლომდე გაუჭირდათ სასურველი სათამაშო ტაქტიკის პოვნა. დღეს გავიმარჯვეთ, მაგრამ ასეთი თამაშით მომავალ ტურში, “ბათუმთან”, თითქმის უშანსოდ ვიქნებით. მადლობა რუსთაველებს გულიანი თამაშისთვის. შეხვედრა ბოლომდე საინტერესო გამოვიდა.
superleague.ge