ბასკონია – უნიკახა: ქართველები საუკეთესონი და MVP-ის ტიტული გამარჯვებულ შენგელიას
ესპანეთის ჩემპიონატში ქართული დერბი შედგა და ერთ გუნდში თორნიკე შენგელია იყო საუკეთესო, ხოლო მეორეში – გიორგი შერმადინი. ეს სასიხარულო ამბავი მე-20 ტურში მოხდა, რომლის პირველ მატჩში “ბასკონიამ” “უნიკახას” უმასპინძლა და თანაბარი პირველი ნახევრის შემდეგ, საბოლოოდ დამაჯერებლად – 96:78 დაამარცხა.
ორივე გუნდს 19 ტურის შემდეგ 12-12 მოგება ჰქონდათ და ცხრილში ლიდერებთან ახლოს, გვერდიგვერდ იყვნენ. მატჩი ძალიან საინტერესოდ წარიმართა, თუმცა პირველი ნახევარდი დაძაბულობით მეორეს ჯობდა. დიდ შესვენებაზე მალაგელები 38:36 იგებდნენ, რაც უპირველესაც, შერმადინის დამსახურება გახლდათ. ქართველი ცენტრი სტუმართა შორის გამორჩეული იყო და საბოლოოდ “უნიკახაში” გამორჩეული შედეგი დააფიქსირა.
შერმადინი სასტარტო ხუთეული იყო და მოედანზე 23:51 წუთი გაატარა. გიორგიმ 5-დან 4 ორქულიანი და 8-დან 8 საჯარიმო ჩააგო, 16 ქულა დააგროვა და ამას 2 მოხსნა, 1 პასი და ჩაჭრა მოაგროვა. ქართველი ცენტრის სარგებლიანობის კოეფიციენტი მალაგელთაგან საუკეთესო – 23 გახლდათ, რომლის შემდეგაც ამ მაჩვენებლით ადამ ვაჩინსკი (11) და ჯეიმს ოგასტინი (11) მოდიან.
გადავინაცვლოთ გამარჯვებულ ბასკონიელთა ბანაკში, სადაც საუკეთესო ასევე ქართველი, ვიტორიული კლუბის კაპიტანი, თორნიკე შენგელია გახლდათ. თოკოს სასტარტო ხუთეულში არ უთამაშია, თუმცა ეს არაფერს ნიშნავს. შენგელია შედეგიანად ჩაერთო თამაშში და მოედანზე მატჩის მონაწილეთა შორის ყველაზე მეტი – 28:12 წუთი გაატარა. ქართველმა ფორვარდმა 9-დან 6 ორქულიანი, 3-დან 2 სამიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. შენგელიას მონაგარმა 21 ქულა, 9 მოხსნა და 2 პასი შეადგინა. მისი სარგებლიანობის ინდექსმა კი 28-ს უწია, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი გახლდათ.
შენგელიას კვალზე 18 ქულა მოაგროვა გერმანელმა იოჰან ვოიგტმანმა, ხოლო ფრანგმა როდრიგ ბობუამ შეხვედრა 13 ქულითა და 7 პასით დაასრულა. შენგელია მატჩის MVP გახდა და გააჩნია, ტურის დარჩენილ შეხვედრებში რა შედეგები დაფიქსირდება. თუ მას ვერავინ გადაასწრო, ბასკონიელთა ქართველ ფორვარდს მე-20 ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელებენ.
ამ გამარჯვებამ “ბასკონიას” ცხრილში მე-3 ადგილი მოუტანა, ხოლო “უნიკახა” მე- პოზიციამდე დაქვეითდა. ესპანეთის ჩემპიონატის შემდეგი ტური 3-4 მარტს გაიმართება, მანამდე კი ესპანეთის თასის გათამაშებისა და ეროვნული ნაკრებების საკვალიფიკაციო მატჩებია.
GBF.GE