ბათუმი შსს-სთან სერიაში დაწინაურდა
დღეს, თბილისის სპორტის სასახლეში სუპერლიგის პლეი ოფების შეხვედრებმა აიღო სტარტი. პირველ მატჩში ერთმანეთის წინააღმდეგ რეგულარულ ჩემპიონატში მე-4 და მე-5 პოზიციებზე გასული “შსს” და “ბათუმი” წარსდგნენ.
მატჩი მასპინძელთა დომინირებით დაიწყო. ჟღენტის გუნდმა პირველივე წუთებიდან მოახერხა უპირატესობის მოპოვება და მეტოქეს 12-2 უგებდა. საბოლოოდ, პირველი მეოთხედი აკადემიალთა გამარჯვებით, 19-10 დასრულდა.
მეორე პერიოდში “ბათუმმა” თამაში მნიშნველოვნად გამოასწორა, რაც ლეგიონერების და ლაშა კეშელავას ზუსტი სამიანების დამსახურება იყო.პირველი ნახევარი ფრედ, 31-31 მთავრდებოდა, თუმცა ბათუმელთა ახალგაზრდა მოთამაშე ნიკა რამიშვილმა საკუთარი ნახევრიდან სირენასთან ერთად ჩააგდო ულამაზესი სამიანი და დიდ შესვენებაზე სტუმრები მცირე უპირატესობით გავიდნენ.
მატჩის მეორე ნახევარში “ბათუმმა” მოპოვებული უპირატესობის განვითარება შესძლეს. მეოთხე პერიოდი კობეშავიძის გუნდისთვის შეხვედრაში საუკეთესო იყო. ბათუმელებმა 15 ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს და შეხვედრაც მშვიდად მიიყვანეს გამარჯვებამდე.
საინტერესო დაპირისპირების მეორე სერია ხვალ თბილისის სპორტის სასახლეში 14:00 საათზე დაიწყება.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
გიორგი ნიკოლაძე(,,შსს აკადემიის’’ მწვრთნელი): პირველ რიგში, მივულოცავ ,,ბათუმის’’ გუნდს, კარგად ითამაშეს და ღირსეული გამარჯვება მოიპოვეს. რაც შეგვეხება ჩვენ, იმ პერიოდში, რაც არჩილ ჟღენტი გუნდის მთავარი მწვრთნელია, ასეთი ცუდი თამაში ჯერ არ ჩაგვიტარებია – არანაირი გუნდურობა, არაზუსტი შორი სროლები, არაფერი გამოგვივიდა. თუმცა, გავარჩევთ დღევანდელ მატჩს, ვიდეოანალიზს გავაკეთებთ და ვეცდებით, გამოვასწოროთ შეცდომები. კარგია, რომ პლეი ოფები 3 მოგებამდე გრძელდება და ნამდვილად უძლიერესი და ღირსეული გაიმარჯვებს. შანსი გვაქვს და ვეცდებით, ხვალ სხვა თამაში ვაჩვენოთ.
მიხეილ კობეშავიძე(,,ბათუმის’’ მთავარი მწვრთნელი): შანსებზე ვერაფერს ვიტყვი და პროგნოზსაც ვერ გავაკეთებ. დღეს ვიბრძოლეთ და ასე იქნება ყველა თამაშზე, თბილისშიც და ბათუმშიც. ბიჭებს ვულოცავ ამ გამარჯვებას, თუმცა მთავარი ბრძოლა ჩვენთვის ხვალ იწყება. დღევანდელი დღე უკვე ჩავლილია და ყველაფერი წინაა.
ლერი კვანტალიანი(,,შსს აკადემია’’): მივულოცავ მეტოქეს გამარჯვებას. დავეთანხმები მწვრთნელს, ბევრი ხარვეზი გქვონდა და იმედია, ხვალ სხვანაირ თამაშს ვაჩვენებთ
ნიკა რამიშვილი(,,ბათუმი’’): მივულოცავ ჩვენს გუნდს და გულშემატკივარს ამ წარმატებას. კარგი შეხვედრა გამოვიდა. ეს გამარჯვება ყველანაირი თვალსაზრისით ძალიან გვჭირდებოდა. თავიდან გაგვიჭირდა, თუმცა შემდეგ გამოვასწორეთ თამაში და სასურველ შედეგს მივაღწიეთ. პლეი ოფების სერია 3 მოგებამდე გრძელდება და დარწმუნებული ვარ, საინტერესო თამაშები გველოდება. წარმატებებს ვუსურვებ მეტოქესაც და ჩვენს გუნდსაც.
მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები