ბათუმმა გოგონათა შორის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა
გასულ კვირაში ბათუმმა გოგონათა შორის საერთაშორისო საკალათბურთო ტურნირს უმასპინძლა. შეჯიბრებაში მონაწილეობა 16-წლამდე გოგონათა ექვსმა გუნდმა მიიღო, რომლებიც 2 ქვეჯგუფში იყვნენ გადანაწილებულნი.
ტურნირი ბათუმის საკალათბურთო დარბაზში გაიმართა, ხოლო მისი საზეიმო გახსნა ბათუმის სანაპიროზე მოეწყო. ტურნირში მონაწილეობა შემდეგმა გუნდებმა მიიღეს: საქართველოს 16-წლამდელთა (ოლიმპიური) ნაკრები, ესტონეთის ნაკრები, სომხეთის ნაკრები, კლუბები „თბილისი“, „გორი“ და „ახმეტა“.
გათამაშების ფორმატის თანახმად ჯგუფების გამარჯვებულები ერთმანეთს ფინალში შეხვდნენ. მესამე ადგილისთვის მატჩში ერთმანეთს მეორეადგილოსნები დაუპირისპირდნენ. ჯგუფში ორივე გამარჯვება მოიპოვეს „ესტონეთისა და საქართველოს ნაკრებებმა, რომლებიც ერთმანეთს ფინალში შეხვდნენ.
ლელა ცანავას გაწვრთნილმა საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა ჯგუფში „გორს“ 103:22 მოუგო, ხოლო თბილისს 53:31 სძლია. რაც შეეხებათ ესტონელებს, ბალტიისპირელებმა ჯერ სომხეთის ნაკრებს სძლიეს – 63:54, შემდეგ კი „ახმეტას“ 83:51 აჯობეს.
ფინალური მატჩი ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოდგა. პირველი მეოთხედის შემდეგ ესტონელები 16:13 იგებდნენ, თუმცა მეორე პერიოდი ქართველებმა უკეთ ჩაატარეს და დიდი შესვენებისთვის 31:27 დაწინაურდნენ. მესამე მეოთხედიდან ბალტიისპირელებმა ვითარება გამოასწორეს და ჯერ ანგარიში გაათანაბრეს, ხოლო ბოლო მეოთხედში 2 ქულით იმარჯვეს და შეხვედრაც 2 ქულის სხვაობით – 57:55 მოიგეს.
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები თბილისში 2015 წელს გასამართი ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადება და ბათუმურ ტურნირში მიღებული გამოცდილება მომავალ წელს გამოადგება.
16-წლამდე გოგონათა ბათუმის საერთაშორისო ტურნირი. ფინალი. 31 აგვისტო
საქართველო 55:57 ესტონეთი
13:16, 18:11, 13:17, 11:13
საქართველო: ოთხმეზური (17), ილურიძე (14), გეგეშიძე (13), ვახანია (5), გარიშვილი (4), მაჩალაძე (2)
gbf.ge