,,ბათუმმა” ,,მგზავრები-არმიასთან” 17 ქულით იმარჯვა (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)
გუშინ რუსთავში დაწყებული მე-3 ტური დღეს თბილისში გრძელდება. 3 მატჩიდან პირველი უკვე დასრულდა. „ბათუმმა“ დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა „მგზავრები-არმიასთან“, რომელიც ანგარიშით 72:57 დაამარცხა.
„მგზავრები-არმია“ ახალგაზრდა კალათბურთელებითაა დაკომპლექტებული და როგორც ჩანს, ჩემპიონატში მოკრძალებული ამბიცია აქვს. არც „ბათუმს“ აკლია ახალგაზრდები, თუმცა მიხეილ კობეშავიძის გუნდი 2 ლეგიონერითაა გაძლიერებული და გაცილებით შორსმიმავალი გეგმები აქვს.
ამ გუნდების დაპირისპირებაში რომ ზღვისპირელებს ჰქონდათ უპირატესობა, ყველამ კარგად იცოდა და ეს თამაშის მსვლელობამაც გამოაჩინა. პირველი მეოთხედი ბათუმელებმა 24:15 მოიგეს, ხოლო დიდი შესვენებისთვის უპირატესობა 16 ქულამდე გაზარდეს.
ისევე როგორც გასულ სეზონში, ბათუმელთა გამწევი ძალა ახლაც ლეგიონერები არიან. მართალია, უცხოელები მხოლოდ ორნი არიან, თუმცა საკმაოდ მაღალი კლასისანი და გუნდში ლიდერის ფუნქციებიც აკისრიათ. გამთამაშებელმა ნიკოლას კელოგმა 23 ქულა დააგროვა, ხოლო ცენტრმა კრისტოფერ ფელჩერმა პირად ანგარიშზე 20 ქულა, 16 მოხსნა და 4 დაფარება ჩაიწერა.
მატჩის მეორე ტაიმი 20-ქულიანი სხვაობის ზღვარზე მიდიოდა. სტუმართა ლიდერობა ხან აცდებოდა აღნიშნულ ნიშნულს, ხან – ჩამოცდებოდა. საბოლოოდ, ზღვისპირელებმა 17 ქულით იმარჯვეს და მიმდინარე ჩემპიონატში მეორე გამარჯვება მოიპოვეს. რაც შეეხებათ „მგზავრებს“, გუნდს დავით მაისურაძემ ულიდერა, რომელმაც ორმაგი დუბლი – 16 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
ანატოლი ბერიშვილი(,,მგზავრები-არმიის’’ მთავარი მწვრთბელი): მივულოცავ მოწინააღმდეგეს ღირსეულ გამარჯვებას, ძალიან ძლიერი გუნდია, ორი ლეგიონერი ჰყავთ. ჩვენ ბევრი შეცდომა გვქონდა როგორც დაცვაში, ისე შეტევაში, თუმცა წინა თამაშებთან შედარებით მაინც კმაყოფილი ვარ. მაქსიმალურად ვცდილობთ, თითოეული დღე გამოვიყენოთ და შეცდომები შევამციროთ. იმედია, მომავალში უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ.
მიხეილ კობეშავიძე(,,ბათუმის’’ მთავარი მწვრთნელი): შედეგით კმაყოფილი ვარ, მაგრამ თამაში ხარისხით არ ვარ კმაყოფილი. ,,მგზავრები-არმია’’ ახლადშეკრებილი გუნდია და მეტს ველოდი ჩემი მოთამაშეებისგან. თუმცა, ამხანაგური მატჩები არ ჩაგვიტარებია, ჯერ შეთამაშება ძალიან გვაკლია, ფაქტობრივად, ახალი გუნდი ვართ. წინა წლის შემადგენლობიდან მხოლოდ 2 მოთამაშეა დარჩენილი და ძნელია, ასეთ პირობებში მალე აჩვენო შედეგი.
ლევან რევაზაშვილი(,,ბათუმი’’): მივულოცავ ჩემს გუნდს გამარჯვებას, ძალიან გვინდოდა მოგება და მიზანს მივაღწიეთ. მართალია, გვქონდა ხარვეზები, თუმცა იმედია მოვახერხებთ მათ გამოსწორებას.
superleague.ge