ბექა ბურჯანაძე: “ოცნება ავიხდინე და ქართველი გულშემატკივრის წინაშე ვითამაშე”
მოლდოვასთან გამარჯების შემდეგ საქართველოს ნაკრების თამაში მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა ჯეისონ სტოდტმა და მატჩის საუკეთესო ბომბარდირმა ბექა ბურჯანაძემ შეაფასეს. აღსანიშნავია, რომ მოლდოვასთან მატჩი ბურჯანაძისთვის თბილისში ნაკრების შემადგენლობაში სადებიუტო იყო.
ჯეისონ სტოდტი: “ხანგრძლივი პაუზის შემდეგ საქართველოში პირველი მატჩი გვქონდა, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამიტომ, მოგება აუცილებლად გვჭირდებოდა. ვეცადეთ, რომ თამაშის საშუალება მიგვეცა ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის, რაც ძალიან დადებითი იყო ჩვენი გუნდისთვის.
მოსამზადებელ ეტაპზე ძლიერ მეტოქეებთან ვითამაშეთ.სამწუხაროდ, წამყვანი მოთამაშეები გვაკლია და აღნიშნულ სპარინგებში ჩვენი მთავარი მიზანი ახალგაზრდა მოთამაშეების დატვირთვა იყო. ჩეხეთთან მატჩამდე თბილისის ტურნირზე კიდევ ორ ძლიერ ნაკრებთან გვაქვს მატჩები. გვჯერა, რომ ფინალურ ეტაპზე გავალთ”
ბექა ბურჯანაძე: “თბილისში გასამართი მატჩი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამ დღისთვის პირადად მეც საკმაოდ დიდხანს ვემზადებოდი. დღეს ოცნება ავიხდინე და ქართველი გულშემატკივრის წინაშე ვითამაშე”.