ბესიკ ლიპარტელიანი: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ყველაფერი იქნება კანონის ფარგლებში (VIDEO)
მიუხედავად იმისა, რომ სუპერლიგის რამდენიმე მწვრთნელი იყო, სასტუმრო “რედისონში” ფედერაციის გამგეობასთან შეხვედრაზე სუპერლიგის კლუბების ხელმძღვანელები არ მოვიდნენ. ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, მერაბ რატიშვილმა დარბაზში შეკრებილ დაახლოებით 50 ადამიანს გააცნო ის განცხადება, რომელიც ფედერაციის გამგეობამ მოამზადა. აღნიშნული განცხადება უკვე შემოგთავაზეთ ახლა კი იმ განცხადებებს გაგაცნობთ, რომლებიც შეხვედრაზე გაკეთდა.
კახა შენგელია, ვეტერანი კალათბურთელი:
“სამწუხაროა, რომ წარმოიქმნა 2 მხარე. მინდა განვაცხადო, რომ მე იმ მხარეს ვდგავარ, საითაც სიმართლეა. გვაბრალებენ, რომ თითქოს ჩვენ ხელოვნურად გვინდა დელეგატთა ხმების გაზრდა. მე გავეცანი ფიბა-ს აღნიშნულ დოკუმენტს და იქ წერია, რომ კალათბურთელების ჩართულობა საარჩევნო პროცესში უნდა იყოს მაქსიმალური. მე კი პირიქით, იმ მხარეს დავადანაშაულებდი, რომ სწორედ მათ უნდათ რეალური სურათის არევა და საარჩევნო ხმის მქონე დელეგატთა რაოდენობის შემცირება. ეს ბადებს ეჭვს და აჩენს მრავალ კითხვას. თუნდაც ეს ბოლო ნაბიჯი რას ნიშნავს. 20-მა გუნდმა ესე ერთიანად როგორ მოილაპარაკა. ამას ვიღაცამ გაუკეთა ორგანიზება და მე ვთხოვ ყველას, ვისაც ეს ეხება, რომ მწვავე რეაქცია მოჰყვეს ამ ქმედებას. ჯერ მოსული არ არის კაცი და დადის, პარტიის სახელით ლაპარაკობს და შეხვედრებზე ხალხს ნიშნავს, ადგილებს ანაწილებს. სანდო წყაროებიდან გავიგე ეს ინფორმაცია, არ არის თბილისი პატარა. მისი თქმით, ის უალტერნატივოა. ამით ის შეურაცხყოფას გვაყენებს ყველას. ჩვენ, პრეზიდენტობის კანდიდატები იმიტომ დავდივართ გამგეობის შეხვედრებზე, რომ პირველ რიგში პატივისცემას გამოვხატავთ თქვენს და იმ ხალხის მიმართ, რომლებთანაც მომავალში ვაპირებთ თანამშრომლობას. ჩემი შეხედულებით, მიხეილ ახვლედიანი არის კაცი, რომელიც პატივს არ სცემს წარსულს და ვერ აანალიზებს დღევანდელ ვითარებას. ასეთი კაცის ხელში კალათბურთის და განსაკუთრებით ბავშვთა კალათბურთის გადაცემა მე მიმაჩნია დამღუპველად. თუ თვლის, რომ არასწორად იქცევიან ფედერაციაში, თუ მას რეალურად შესტკივა გული კალათბურთზე, ხომ შეიძლება მოვიდეს, დაელაპარაკოს გამგეობის წევრებს, ის კი არა, რომ ტელევიზიით და პრესით დაიწყოს უსაფუძვლო კრიტიკა.
მიხეილ გაბრიჩიძე, ვეტერანი კალათბურთელი:
სპეციალურად ველოდებოდი თქვენს განცხადებას, მაინტერესებდა, ეგ დოკუმენტი ის იყო თუ არა, რომელიც მე მქონდა წაკითხული. გავეცანი ფიბა-ს აღნიშნულ რეკომენდაციებს ინგლისურად და მეგობარსაც ვთხოვე, ფრანგულად წაეკითხა, რადგან ეჭვი შემეპარა, ეს იყო ის, რასაც ზოგიერთები წესდებას ეძახიან, თუ მე სხვა რამ ვნახე. ახლა კი ვხედავ, რომ სწორედ ის დოკუმენტი წამიკითხავს. მაინტერესებს, რატომ არ კითხულობენ ამას სხვები და რატომ უჯერებენ ვიღაცას, რომელიც ცდილობს მათ შეცდომაში შეყვანას. ყველას ეზარება საჭირო დოკუმენტის მოძიება, გადაშლა, წაკითხვა და უჯერებს სხვას. ეს ყველაფერი ძალიან ცუდია, ეს ხლიჩავს საკალათბურთო სამყაროს და დაპირისპირებამდე მიჰყავს. ესეთმა დაპირისპირებამ ის მოგვიტანა 80-იანი წლების შუაში, რომ “დინამოში” ქართველი კალათბურთელი არ დარჩა. ეხლაც თუ მოხდა დაპირისპირება, ეს კალათბურთზე ხალხს გულს აუცრუებს. ჩვენს სკოლაში (“ჰიუნდაი”) 270 ბავშვი დადის კალათბურთზე და რა ვუთხრათ მათ მშობლებს. ისინი ხომ საკუთარ ბავშვებს აღარ გვანდობენ, თუკი საკალათბურთო სამყაროში ასეთი დაულაგებელი სიტუაცია იქნება.
გელა წულაძე, ასაკობრივი ნაკრებების კოორდინატორი, მწვრთნელი:
სატელევიზიო გადაცემაში, რომელშიც ვოვა ბოისა, კახა შენგელია და მიშა ახვლედიანი მონაწილეობდა, ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ ეს დოკუმენტი არის წესდება, კანონი, რომელსაც არღვევს საქართველოს კალათბურთის ფედერაცია. ანუ რა ქნა მან ამით: მთელს საკალათბურთო საზოგადოებას თვალებში ნაცარი შეგვაყარა. ვფიქრობ, ის კლუბებიც არ გაცნობიან ამ დოკუმენტს, რომლებიც დღეს აქ არ მოვიდნენ. ეხლა რა გამოვა, ისინი ამას ტელევიზიით მოისმენენ, მერე თავის განცხადებებს გააკეთებენ. ესე არ გამოვა. უნდა მოხდეს შეხვედრა და იქ ითქვას სიმართლე, რომელსაც ყველა თვალს გაუსწორებს. ახალ გამოდის ის, რომ ამ კლუბებს ვიღაცა ატყუებს და ამით სიტუაციას ძაბავს. ესეც თავისთავად ძალადობაა. იმას რომ ამბობენ, ძალადობა არ იყოო. ყველაზე როგორ იქნებოდა ერთნაირი ძალადობა – ზოგს ურჩიეს, ზოგს მიანიშნეს, ზოგს კი პირდაპირ დაემუქრნენ. ამას არკვევს პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი, ამათმა კი გადაწყვიტეს, რომ ზეწოლა არ იყო და ხელს აწერინებენ ბოიკოტის წერილზე. თქვენ გაქვთ ფიბა-ს დოკუმენტი და აქვეყნებთ მას, ახლა მოვიდნენ ისინი და დაამტკიცონ, რომ ეს ტყუილია. მაგრამ ეს არ უნდათ, რადგან თავად აქვთ ძალიან ბევრი ტყუილი ნათქვამი. ტყუილს რომ მოკლე ფეხები აქვს, ნათლად გამოჩნდა.
ბესიკ ლიპარტელიანი, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი:
თუ ჩვენ 12 წელი ვატყუებდით ფიბა-ს, ხოლო 2012 წლიდან დაიწყეს ამის გამო ჩვენი კრიტიკა საქართველოში, როგორ ფიქრობთ, ჩვენ არ დავინტერესდებოდით თუ რაშია საქმე, რას ვაკეთბთ არასწორად? ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით, გადაგვედგა სწორი ნაბიჯები და საზოგადოებამდე მიგვეტანა სიმართლე. კვლავ შევეცდებით, დღევანდელი შექმნილი რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნას. ჩვენ შევეცდებით, რომ კიდევ გავიმეოროთ შეხვედრა კლუბებთან და თუ ეს ერთობლივად არ მოხერხდება, გამგეობა ინდივიდუალურად, ცალ-ცალკე მივა თითოეულ მათგანთან, მაგრამ თუ მათ არ უნდათ სიმართლის გაგება, ეს სულ სხვა თემაა. სწორედ ამიტომ იყო დასახული მიზნად ეს შეხვედრები, რათა საკალათბურთო სამყაროს ყველა ფენისთვის მოგვესმინა. დაგეგმილი 8 შეხვედრიდან უკვე მე-5 ჩატარდა. აუცილებლად გავმართავთ შეხვედრასა სპორტის სამინისტროსთან, რაოდენ კრიტიკულიც არ უნდა იყოს ის ჩვენს მიმართ და რაოდენ მხარესაც არ უნდა წარმოადგენდეს. დამაგვირგვინებელი იქნება შეხვედრა ოლიმპიურ კომიტეტთან, რომელსაც ფიბა-ც აღიარებს და რომლის გარეშეც სპორტულ ცხოვრებაში არაფერი ხდება. წორედ ამ შეხვედრების შემდეგ მიიღებს ფედერაციის გამგეობა გადაწყვეტილებას, თუ როდის და როგორ ჩატარდება საპრეზიდენტო არჩევნები. მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ყველაფერი იქნება კანონის ფარგლებში, გათვალისწინებული იქნება საკალათბურთო სამყაროს ყველა წარმომადგენლის აზრი და თითოეული კანდიდატი აბსოლუტურად თანაბარ პირობებში იქნება.
თემურ დათიკაშვილი, თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის წევრი:
საკალათბურთო სამყარო ერთი ოჯახივით იყო ყოველთვის და გამოირჩეოდა მეგობრული ურთიერთობებით. ეხლა ეს ოჯახი გახლეჩის პირასაა. 1995 წლიდან თქვენ გამოიარეთ ყველა ეტაპი, ნაკრების მწვრთნელობიდან დაწყებული, ფედერაციის პრეზიდენტობით დამთავრებული. შემთხვევით აქ არავინაა, ამიტომ თქვენი ვალია, ამ დაპირისპირების აღმოფხვრა და ოჯახის გაერთიანება. თუ ისინი არ მოდიან შეხვედრაზე, თქვენ უნდა მიხვიდეთ, აქ სათაკილო არაფერია. თუ ერთ მხარეს ეშლება, მეორე უნდა მივიდეს და მეგობრულად დაელაპარაკოს, გააგებინოს, რა არის სწორი და ესე აღმოფხვრას გაურკვევლობები. ამ შეხვედრებში კალათბურთის სამყაროს წარმომადგენლებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა და მათ უნდა აირჩიონ პრეზიდენტი და არა ჩინოვნიკებმა, რომლებიც დღეს არიან პოსტზე, მაგრამ ხვალ აღარ იქნებიან და აღარც გაახსენდებათ კალათბურთი. ჩემი ინიციატივაა, მოეწყოს შეხვედრა, სადაც ორივე მხარე იქნება და საბოლოოდ გაირკვევა ყველაფერი.
ბესიკ ლიპარტელიანი: ჩვენი სურვილია და გეგმაშიც გვაქვს, რომ მოხდეს პირისპირ შეხვედრა, რომელსაც დაესწრებიან ჟურნალისტები და საზოგადოებამ დაინახოს, ვინ არის მართალი.
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტი